“ნაციონალური მოძრაობა“ 5 მარტს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქციას გამართავს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის ყველა აქტივობა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას დაუკავშირდება.
“პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ექვემდებარება საქართველოში განკურნებას. აქედან გამომდინარე ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.
პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ბრძოლაში, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება და 5 მარტს, 5 საათზე ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან, ველოდებით რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.