მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
“სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შუალედური ღონისძიების გამოყენებასა და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე, საქმის არსებით განხილვამდე.სწორედ მსგავს სიტუაციაში ვითხოვდით ყველა შიდა დაპირისპირების კერის აღმოფხვრას.
ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების პირობებში, ვსაუბრობდი არჩევნების უადგილობასა და უდროობაზე, რომ პარტია არ ყოფილიყო გახლეჩილი და მთლიანად მოუმზადებელ, დეზორიენტირებულ მდგომარეობაში.
მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა; გადადგას ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები!”, – წერს მელია.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.