თქვენ შარშან მოუგეთ ბიძინა ივანიშვილს, კალაძესაც, კობიაშვილსაც, ღარიბაშვილსაც, კობახიძეს და ყველას. წელს ეს მარცხი მათი კიდევ უფრო მძიმე იქნება, – ასე მიმართა დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გლდანში მოქალაქეებს ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას წარდგენისას.
მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვება წელს განსაკუთრებით ძვირფასი იქნება, რადგანაც გლდანელებს კანდიდატად ელენე ხოშტარია ყავთ.
“გლდანში თქვენ დაგიპირისპირდათ ყველა, ბიძინა ივანიშვილიც კი მოიყვანეს არჩევნებამდე 2 დღით ადრე გლდანში, არ დარჩა კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც არ ჩაერთო საარჩევნო პროცესებში, არ დარჩა შეიარაღებული ადამიანი, რომელმაც იარაღი არ გამოიტანა „ოცნების“ შტაბიდან, მაგრამ პასუხი იყო ის, რა შედეგიც დადგა. თქვენ შარშან მოუგეთ ბიძინა ივანიშვილს, კალაძესაც, კობიაშვილსაც, ღარიბაშვილსაც, კობახიძეს და ყველას, წელს ეს მარცხი მათი კიდევ უფრო მძიმე იქნება, ჩვენ არ გვაქვს უფლება უკან დახევის, ყველა მონაცემენი არის იმისა, რომ ოპოზიცია იმარჯვებს, განსაკუთრებით ეს გამარჯვება იქნება ძვირფასი გლდანში, იმიტომ რომ გლდანი იქცა სიმბოლოდ ბრძოლისა, განსაკუთრებით ვარ დარწმუნებული, რომ გლდანის რაიონი იქნება გამარჯვებული, რადგან თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, მებძოლი ადამიანი, პატრიოტული სულისკვეთების განსახიერება, ელენე ხოშტარია. გახსოვთ ელენემ საქართველოს ეროვნული დროშით როგორ გააძევა რუსი „პრავასლავნიკი“ კომუნისტი საქართველოს ეროვნული პარლამენტიდან. აი, ასეთი სუკლისკვეთება გვჭირდება 2 ოქტომბერს“, – მიმართა მელიამ გლდანის ამომრჩეველს.