პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რაც მალე გაათავისუფლებს ხელისუფლება ნიკა მელიას, მით უფრო კარგი იქნება თავად მათთვისაც და პირველ რიგში, ქვეყნის რეპუტაციისთვისაც.
"ზუსტად 1 წლის წინ, 13 აპრილს, 5 წელი მომისაჯეს ამ დღეს, იგივე საქმეზე, იგივე მოწმეებით, იგივე პროკურორებით. შესაბამისად, მე სოლიდარული ვარ ნიკა მელიას მიმართ. ნებისმიერი ადამიანის მიმართ ვიქნები სოლიდარული, რომელიც უსამართლობის მსხვერპლი იქნება ამ ქვეყანაში.
მოლოდინებს რაც შეეხება, ძალიან რთულია ზოგადად პროგნოზი გააკეთო იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ადეკვატურობა არ ახასიათებს. ნიკა მელიას პატიმრობა ქვეყანას რეპუტაციულად ძალიან ცუდად უჯდება და ხელისუფლება ამაზე სწორ დასკვნას ვერ აკეთებს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალშიც საკმაოდ შერცხვენილები გამოვდივართ მისი ამ პატიმრობის შედეგად", – განაცხადა ოქრუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი დაიწყო. დატოვებს თუ არა პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.