შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება. შსს აქვეყნებს ამ ოქმებს და ყველას მარტივად შეგიძლიათ შემოწმება პირადი ნომრით, რამე არის თუ არა გამოქვეყნებული, – ამის შესახებ იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღე არის ვადა გასასაჩივრებლად.
“ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ყველას გააგებინეთ! შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება. გზის გადაკეტვაზე ორი შემთხვევა ვნახე უკვე და სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას მასობრივად მიმართავენ. არც ერთ შემთხვევაში არ მიუტანიათ ფოსტით ან პირადად, ისე გამოაქვეყნეს ოქმები, ერთ შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო ზარი იყო, მეორეში კი ესეც არ ყოფილა. ოცნების კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა ოქმის ჩაბარების წესის, რადგან ორჯერ მაინც უნდა სცადონ ჩაბარება და ამის შემდეგ აქვთ გამოქვეყნების უფლება. რადგანაც არც კონსტიტუცია ადარდებთ და არც საკუთარი ფორმალური წესები, ამიტომ:
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?
• https://www.protocols.ge/ – ზე აქვეყნებს შსს ამ ოქმებს და ყველას მარტივად შეგიძლიათ შემოწმება პირადი ნომრით, რამე არის თუ არა გამოქვეყნებული.
• თუ თქვენი ჯარიმაც იპოვეთ საიტზე, გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს გვეთვლება ოქმი ჩაბარებულად.
• ჩაბარებიდან 10 დღე გვაქვს გასაჩივრებისთვის და აუცილებლად გაასაჩივრეთ, ასე მის აღსრულებას და ჯარიმის გადახდის ვალდებულებას გააჩერებთ.
• საჩივრის შაბლონისთვის შეგიძლიათ მომწეროთ”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.