“ჩვენ ამ პროცესს იმედიანად ვუყურებთ, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება, ოღონდ ეს არ არის ერთი და ორი კვირის ამბავი, თუმცა, იმედი გვაქვს ზაფხულისთვის ომის დასრულების კონტურები გამოკვეთილი იქნება და შეიძლება ვისაუბროთ იმაზეც, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც იყოს ხელმოწერილი“,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.
მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი უფრო ფართო დაპირისპირების არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკლები ზიანი მიადგეს.
“თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტით ეს პრობლემა, რაც არსებობს, დასრულდება ზაფხულისთვის. ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მოწმენი ვართ ცივი ომის დასრულების შემდეგ არსებული წესრიგის სრულიად გადახალისებისა და ის მსოფლიო წესრიგი, რომელიც არსებობდა ბოლო 35 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ალბათობით რამდენიმე წელიწადში უკვე აღარ იარსებებს. აღარ იარსებებს იმიტომ, რომ გამოჩნდნენ სხვა მოთამაშეებიც. ამერიკა ვეღარ იქნება ერთპოლუსიანი სამყაროს ლიდერი და შესაბამისად მსოფლიოში გაჩნდება მრავალი სხვადასხვა პოლუსი და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ პოლუსებს შორის დაპირისპირება რაც შეიძლება ნაკლები იყოს.
არავის ეგონოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის გამო არის ეს ომი, რაც დაიწყო. უკრაინა ფაქტორი აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ვცდილობდით, რომ არ ვყოფილიყავით ამდენი ხნის განმავლობაში. ყველას კარგად გვესმის, რომ ომის თეატრი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყანა, ან სხვადასხვა ტერიტორია და ომის პერიოდშიც კი ვიცოდით, რომ ვიეტნამშიც ერთმანეთს ებრძოდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკა, ავღანეთშიც ერთმანეთს ებრძოდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკა, აფრიკის ქვეყნებშიც ერთმანეთს ებრძოდნენ საბჭოთა კავშირი და ამერიკა, ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა. ამ შემთხვევაშიც რეალურად გვაქვს სურათი, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მოახდინა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა, ეს ომი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის ომი და ეს არის უფრო ფართო დაპირისპირება. ამ ფართო დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ყველაზე ნაკლები ზიანით გამოვიდეს, სანამ დიდი ძალები არ მიაღწევენ შეთანხმებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.