რუსეთის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელია – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის სანქციების პაკეტზე მუშაობა დაიწყეს.
“რუსეთის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელია, ამიტომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა როგორც სანქციების პაკეტზე ასევე ერთობლივ პასუხზე ნატოს მხრიდან რუსეთის ამ აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა ამერიკის კონგრესის წევრებთან შეხვედრისას კავკასიის რეგიონში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და მის შესაკავებლად საქართველოს თავდაცვითი ძალების გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, ამერიკა რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს სწორად აღიქვამს.