დაფიქსირდა დარღვევები და ჩვენ გვაქვს ამაზე რეაგირება. მოვუწოდებთ ყველას, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ამ ეტაპისთვის “სამართლიან არჩევნებს“ დაწერილი აქვს 10 საჩივარი და 2 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხმის მიცემისას ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, დააფიქსიროს საკუთარი აზრი მშვიდად.
“საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ჩვენი დამკვირვებელი გამოაძევეს საარჩევნო უბნიდან. ზესტაფონის საარჩევნო ოლქის მე-3 უბანი გაიხსნა დაგვიანებით და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიყვანა ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დავწერეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ამ ეტაპისთვის გვაქვს არაუფლებამოსილი პირის უბანზე ყოფნის 2 შემთხვევა, ბათუმის საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კენჭისყრის დაწყებამდე უბანზე იმყოფებოდა ამომრჩეველი და დმანისის საარჩევნო ოლქის 50-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. გვაქვს ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაც, ეს არის 67-ე ოლქი, რომელიც არის ზუგდიდში. ასევე 67-ე საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე, ასევე მე-16 საარჩევნო ოლქის 26-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ხმის მიცემის ფარული კაბინები, ისე ახლოს იყო კედელთან, რომ დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდა უბანზე მყოფ დამკვირვებელს და რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც ორი ან მეტი ბიულეტენი გასცეს რეგისტრატორებმა – ეს არის ქობულეთის მე-15, სამგორის 51-ე, ბათუმის მე-10, ყვარლის მე-3 და მთაწმინდის 31-ე უბნები. ამ ეტაპისთვის სამართლიან არჩევნებს დაწერილი აქვს 10 საჩივარი და 2 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში”, – განაცხადა დოლიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.