მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, განსხვავებული მოსაზრების გამო, ზეწოლის შემთხვევაში არ დაწერონ სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები და მოგვმართონ ჩვენ, – ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის სხვადასხვა საჯარო უწყების 20-მდე თანამშრომელმა კონსულტაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს.
“ამ ეტაპისთვის ჩვენ მოგვმართა სხვადასხვა საჯარო უწყების 20-მდე თანამშრომელმა კონსულტაციით. მათი განცხადებით, სხვადასხვა ფორმით ხდება სამუშაო ადგილზე მათთვის მტრული გარემოს შექმნა, რაც შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს.
ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, განსხვავებული მოსაზრების გამო, ზეწოლის შემთხვევაში არ დაწერონ სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები და მოგვმართონ ჩვენ, სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მათ სამართლებრივად ვეხმარებით.
ჩვენ ვნახეთ აქციის მონაწილეების გარდა მედიის დისკრედიტაციის კამპანიები, სადაც მცდელობაა მედიის შეურაცხყოფის და მათ შორის, დაშავებული მედიის წარმომადგენლების მიმართაც.
ბოლო პერიოდში ჩვენ განსაკუთრებით ვხედავთ მასშტაბურ დეზინფორმაციას და საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიას, ამის მაგალითი იყო კიმბერლი ლოუსთან დაკავშირებული ინფორმაცია ან ეუთო/ოდირის შეფასება”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.