დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების უგულებელყოფა არის პოლიტიკური განაცხადი, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის დედაქალაქები აცხადებენ უარს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მიიღონ ოფიციალური სტატუსით.
“ვიდრე საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე საქართველოს პასპორტით შეძლებს მოგზაურობას ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების უგულებელყოფა ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური განაცხადი, რომლითაც ევროკავშირის დედაქალაქები აცხადებენ უარს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები მიიღონ ოფიციალური სტატუსით. მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყნის წარმომადგენლობის სტატუსით ისარგებლონ და წარმოადგინონ საქართველოს ან ქართველი ხალხის ინტერესები დასავლეთში”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროსაბჭომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერა.