ამ საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა არის ისტორიის გადაწერა, ახალი ფაქტების შექმნა და ყველაფრის წაშლა, რაც იმ პოლიტიკური გუნდის მემკვიდრეობას უკავშირდება, რომელმაც უარი უთხრა რუსეთს მონობას და მორჩილებაზე, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რუსული სცენარია.
“ამ საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა არის ისტორიის გადაწერა, ახალი ფაქტების შექმნა და ყველაფრის წაშლა, რაც იმ პოლიტიკური გუნდის მემკვიდრეობას უკავშირდება, რომელიც საქართველოში ქმნიდა ევროპულ მომავალს, რომელმაც პირველად საქართველო ფუნდამენტურად შეატრიალა დასავლეთისკენ და გაბედა და უარი უთხრა რუსეთს მონობას და მორჩილებაზე. ეს არის რუსული ინსტრუქცია, ამ კომისიაზე არაფერი არ ხდება საქართველოში დაწერილი სცენარით, ეს პირდაპირ მოსკოვიდან წამოსული ინსტრუქციაა კრემლში დაწერილი კითხვებით და ემსახურება იმ მიზანს, რომ შეიცვალოს საქართველოში ისტორია, გადაიწეროს და შეფასდეს ის, რაც ორაზროვნად არ შეიძლება, შეფასდეს. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ძალიან ლოგიკური ხაზი, რომლისკენაც ძალიან ბევრი წელია მიდიან და ამ კომისიით უნდათ კულმინაცია”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.