მოლაპარაკებების ფორმატი ასე არ იწყება, მოლაპარაკებების გასაჯაროება ხდება მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის რაღაც ტიპის შეთანხმება უკვე შედგება, – ამის შესახებ პოლიტიკურ ფონდ “ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შედეგი ამ პარტიების გაერთიანებისა თავიდანვე ცალსახა იყო.
“პროცესი, როგორც დაიწყო, დიდწილად უკვე მიანიშნებდა ჩემთვის იმაზე, რომ ბევრი საკითხები იყო მოსაგვარებელი, ვიდრე პრეზიდენტის დონეზე ეს საკითხები გაჟღერდებოდა. მოლაპარაკებების ფორმატი ასე არ იწყება, მოლაპარაკებების გასაჯაროება ხდება მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის რაღაც ტიპის შეთანხმება უკვე შედგება. თავისთავად, რაც შეეხება წინასაარჩევნოდ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას მე ვიყავი ამის მომხრე. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის რეფერენდუმი შავსა და თეთრს შორის, მაშინ ამომრჩეველსაც სხვა არჩევანი არ უნდა დაუტოვო. ამ შემთხვევაში ეს იწვევს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დემობილიზაციას, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ვერ ახერხებს ერთიან ჩარჩოზე შეთანხმებას“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
პრეზიდენტის მედიაციით მიმდინარე კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს.