“ნაციონალურ მოძრაობაში” განახლების რესურსი არ არსებობს, ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, – ამის შესახებ ილია ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორმა, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის ლიდერებში არ არსებობს დემოკრატიული განვითარების ნება.
“საერთოდ არ მჯერა, რომ ამ პარტიაში განახლების რესურსი არსებობს. რასაც ვხედავთ ეს არის ძალაუფლებისათვის ბრძოლა, ვიდრე ბრძოლა პარტიის განახლებისთვის. რომელი ძალაც უნდა გამოიკვეთოს, ჩემი აზრით, ამ პარტიაში დღეს დემოკრატიული პროცესი არ მიდის. იმიტომ კი არა, რომ რესურსი არ არსებობს, იმიტომ რომ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ გააჩნია რესურსი, რომ არსებული ხელისუფლება შეცვალოს.
“ეს პარტია გადაქცეულია ორგანიზმად, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ოდნავ მაინც შეარყიოს. პირიქით, მისი ამ ფორმალური არსებობით ქმნის ილუზიას, რომ კიდევ რაღაც პლურალისტური გარემო არსებობს, რომ არსებობს “ქართული ოცნების“ რაღაც ტიპის ოპონირების რესურსი, რომელიც პრაქტიკულად ვერასდროს ვერ გადაითარგმნება ხელისუფლების შეცვლაში. ოპოზიციის ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ მუდამ პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენდეს, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს რომ ხელისუფლება შეცვალოს, მითუმეტეს თუ ეს ხელისუფალი არის რუსული ძალა“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.