რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ რუსთაველი ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა დაიწყო.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი საარჩევნო პროგრამის რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე სასაუბროდ ამომრჩევლებს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ნიჩბოსანთა კლუბის შენობაში შეხვდა.
“დღეს ჩვენი გუნდის სახელით წარვადგინეთ პროგრამის ის ძირითადი ნაწილი, რომელიც ქალაქის მართვას, ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებას შეეხება და რითაც მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ვაპირებთ, რომ განვავითაროთ რუსთავი. პროგრამის ძირითადი სლოგანია „ქალაქი ახალი შესაძლებლობებით“, რაც ზუსტად ხსნის ჩვენი გუნდის და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ერთიან სულისკვეთებას, რომ ქალაქის განვითარება თითოეული რუსთაველისთვის იყოს ხელშესახები”, – აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
მისი თქმით, სრული საარჩევნო პროგრამის გაცნობა თემატურ შეხვედრებზე გაგრძელდება და მთლიან ქალაქს მოიცავს.
პროგრამის პრეზენტაციას თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატებიც დაესწრნენ.