გათავისუფლდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა, ან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა რეალობად 13 დეკემბრიდან აქციეს.
“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 3-4 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ განაცხადეს, რომ აუცილებლად იქნებოდა შესაბამისი რეაგირება იმ საპროტესტო განცხადებებზე, რომელიც გაავრცელეს საჯარო მოხელეებმა, ისინი დაემუქრნენ საჯარო მოხელეებს სამსახურის წმენდით. აღნიშნული მუქარა რამდენიმე დღეში იქნა რეალიზებული.
13 დეკემბერს უკვე ცვლილებები მიიღეს საჯარო სამსახურის კანონში. დეკემბრის ბოლოდან საჯარო მოხელეებმა დაიწყეს ღიად საუბარი პოლიტიკური ნიშნით მათი სამსახურიდან გათავისუფლებაზე.
რეალურად, გათავისუფლდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა, ან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, ან საჯაროდ, მათ შორის, სოციალურ მედიაში აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
ის საჯარო სამსახურები, საიდანაც დისკრიმინაციული პოლიტიკური მოტივით გათავისუფლდნენ საჯარო მოხელეები, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სახლი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, იურიდიული დახმარების ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.