სიმბოლურია, შტატებმა ერთ კონტექსტში დაასანქცირა მაღალი თანამდებობის პირები შსს-ს და ასევე ორი პირი, რომლებიც საჯაროდ, ღიად წარმოადგენენ რუსულ ინტერესებს საქართველოში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “მაგნიტსკის სიაში” მოხვედრა არის უმძიმესი გადაწყვეტილება ქვეყნის იმიჯისთვის.
“ამ კონკრეტულ ადამიანებზე აღარ ვსაუბრობ, უბრალოდ, ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის უმძიმესი რეპუტაციული ზიანია. “მაგნიტსკის სიაში” მოხვედრა არის უმძიმესი გადაწყვეტილება ამ ქვეყნის იმიჯისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, რადგან ამ სიაში ხვდებიან გამორჩეულად მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული და პასუხისმგებელი პირები.
სიმბოლურია, ვინაიდან შტატებმა ერთდროულად, ერთ კონტექსტში, ერთი გადაწყვეტილებით დაასანქცირა მაღალი თანამდებობის პირები შსს-ს და ასევე ორი პირი, რომლებიც საჯაროდ, ღიად წარმოადგენენ რუსულ ინტერესებს საქართველოში და აქვთ ღია კავშირები რუსეთთან. რა თქმა უნდა, სიმბოლიზმიც იყო ამაში, რადგან ეს კონტექსტიც ამათთან დაკავშირებით არსებობს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.