სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ გააძლიეროს სოციალური თუ სხვა ტიპის საჭიროებები, რომ ბავშვს არ მოუწიოს ოჯახთან დაშორება და ჰქონდეს ყოფითი პირობები, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სოცმუშაკთა რაოდენობის პრობლემაა.
“მცირდება სოციალურ მუშაკთა რაოდენობა. მიზეზი არის ძალიან დაბალი ანაზღაურება ამ ადამიანების და მათი სამუშაო გრაფიკის ძალიან გადატვირთულობა და ბევრი პასუხისმგებლობა, რაც მოდის ტვირთად ერთ მუშაკზე, რომელიც ფიზიკურად ვერ ახერხებს, რომ ათასობითა და ათი ათასობით ბავშვის ინტერესები შეისწავლოს, იყოს ინფორმირებული და ყველას დროული მხარდაჭერა აღმოუჩინოს.
რეალურად, არ ხდება ბავშვების საჭიროებების რეგულარული შემოწმება და კონტროლი. იმის გამო, რომ ოჯახი ღარიბია, ბავშვი არ უნდა გადიოდეს ოჯახიდან. უნდა შეფასდეს ოჯახების მდგომარეობა და თუ ის არ არის დამაკმაყოფილებელი, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ გააძლიეროს სოციალური თუ სხვა ტიპის საჭიროებები, რომ ბავშვს არ მოუწიოს ოჯახთან დაშორება და ჰქონდეს ყოფითი პირობები”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.