სახალხო დამცველი, ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტთან თბილისში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
“დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური და მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-ს და პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა. მინდა, ამაზეც ვესაუბრო და მოვისმინო, რას ფიქრობს თავად, მათ შორის უსაფრთხოების პრიზმიდანაც. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა, როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა, გავიგო რას ფიქრობს, თუნდაც იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც მთავრობის ხელმძღვანელი აკეთებს.
კონკრეტული ჩემი მესიჯები იქნება ასეთი: ვუთხრა პრეზიდენტს, რატომ ვთვლი, არ არის სწორი, რომ დღემდე არ არის გამოძიება დაწყებული ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების მიმართ, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმას, რომ შსს და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ მიმართულებით, დაიწყოს გამოძიება და დაიწყოს დევნა, მისცენ პასუხისგებაში ამ ძალადობრივი თავდასხმების იდეოლოგები და ორგანიზატორები.
რაც შეეხება ლექსოს მიმართ დაწყებულ გამოძიებას, ჩვენ თვალს მივადევნებთ და ასევე, ვემზადებით იმისთვის, რომ მათ შორის ჩატარებული ექსპერტიზის შეფასებაში ჩავრთოთ ჩვენი ექსპერტები და წარმომადგენლები”– განაცხადა ნინო ლომჯარიამ.