“ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირადი ურთიერთობისას დემენციის ნიშნები არ შეუმჩნევია.
“არ ვარ არც ფსიქიატრი, არც ფსიქოლოგი. მე ვიცი რა ჩანაწერებია ჩემს ისტორიაში. ყოველთვის თავს ვიკავებდი დიაგნოზების ხსენებისგან. მომხრე ვარ, რომ კონკრეტული ლიცენზიის ფარგლებში კონკრეტულმა ექიმმა ისაუბროს. ჩემი პირადი კონტაქტით, დემენცია ნამდვილად არ შემიმჩნევია. საკმაოდ სხარტი, ძალიან ჭკვიანი და გონიერი ადამიანია“, – განაცხადა ნადირაძემ.
მისივე თქმით, მისი კლინიკის თანამშრომლებს სააკაშვილთან ურთიერთობა არ უნდათ.
“მე ძალიან მიჭირს მასთან სტაფის შერჩევა. არავის უნდა, ყველას ეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, ჩვენ გვეშინია, რადგან მაგალითად, ჩვენთან, ჰოლში ცხოვრობს რამდენიმე მხარდამჭერი ქალი, რომლებიც პერიოდულად ზემოთ ამოიპარებიან. ხან მკურნალ ექიმს ეძახიან “მკვლელო“ და დასაჭერი ხართ. ეს ქალბატონი თამარი შემორბის ჩემთან, სად არის დაცვა?! ვუთხარი, რა ვქნა, თამარ? უნდა გაუძლო. ეს არის ჩვენი ამ პროცესის ნაწილი. როგორი მოსასმენია, როდესაც ამ დროს სხვა პაციენტებს სინჯავ, ვიღაც ქალბატონი მორბის კივილით, გეძახის მკვლელს, დასაჭერია-დასახვრეტია. რასაც თამარი უძლებს, არ ვიცი, ამას რა ფსიქიკა ეყოფა?!“, – განაცხადა ნადირაძემ.