ნიუ-იორკში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Vinexpo Amerika გაიხსნა.
DMO იმერეთის მხარდაჭერით და დაფინანსებით, ნიუ-იორკში, ჯეიქობ ჯავითსის საკონვენციო ცენტრში, 20-მდე ქართული ღვინისმწარმოებელი კომპანიის გვერდით, პირველად ისტორიაში იმერული ღვინის ასოციაციის სტენდზე იმერული ღვინოებია წარმოდგენილი.
გამოფენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და იმერეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დირექტორი მარი დევიძე ესწრებიან.
გამოფენაზე იმერული ღვინის ასოციაციის წევრი კომპანიისა და იმერული ღვინის კონკურსის გამარჯვებული ოქროსმედალოსანი იმერული ღვინოებია წარმოდგენილი.
როგორც DMO იმერეთში აღნიშნავენ, გამოფენა იმერულ ღვინოს გზას უხსნის ამერიკულ ბაზარზე და საშუალებას აძლევს ამერიკელ ღვინის მოყვარულებსა და ბაიერებს გაიცნონ იმერეთი და იმერული ღვინო.
“გამოფენა Vinexpo ღვინისწარმოების სფეროს პროფესიონალების თავშეყრის ადგილია, სადაც ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწამოებლები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას, უზიარებენ გამოცდილებებს, აწყობენ დეგუსტაციებსა და მასტერკლასებს.
იმერეთისთვის ეს არის დიდი ნაბიჯი, გახდეს მსოფლიო ღვინისწარმოების სფეროს ყველაზე ახალი და დინამიური მოვლენის ნაწილი, ასევე მისი არსებობის შესახებ შეიტყონ იმ საერთაშორისო პირებმა, ექსპერტებმა, ბაიერებმა, ღვინის მცოდნეებმა და დეგუსტატორებმა, რომლებსაც ეკუთვნით გადამწყვეტი სიტყვა ამ სფეროში.
გამოფენის ფარგლებში იმერული ღვინოები დააგემოვნეს ისეთმა ცნობილმა ღვინის ექსპერტებმა, როგორიცაა Liza Granik, Erika Frey, ლაშა ცატავა, Carmelo Sgandura. ასევე მოლაპარაკებები შედგა Colangelo&Partners-ის წარმომადგენლებთან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.