ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა – ამის შესახებ “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა.
ხარშილაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ასეთი დაქუცმაცებით შანსი აქვს, რომ ამჯერადაც გადარჩეს.
“პირველი არჩევნებია, სადაც ახალი სახეები არ ეყოლებათ [“ქართულ ოცნებას”] . 2016 წელს, კვირიკაშვილით წავიდნენ არჩევნებზე და ამან იმუშავა. 2020 წლის არჩევნებზე იყო გახარია, სადაც თვალის ჩაკვრამ იმუშავა. 2024 წლის არჩევნები პირველია, როდესაც “ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს ახალი სახე, დაძველებული სახეები ჰყავს, ერთი ირაკლი შეცვალეს მეორით. ჩემი აზრით, გაზარმაცდნენ ან მოეშალათ რაღაცები. ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსები ექნებოდა.
5%-იანი ბარიერი ცუდი გადასალახია. შანსები აქვს ორი ნიკას [გვარამია-მელია] გაერთიანებას, გახარიას, “ლელოს“, მაგრამ ასე დაქუცმაცებით, „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მათემატიკური შანსი აქვს, რომ დაკარგული ხმები შეიმატოს. ოპოზიციის დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ. ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ასეთი დაქუცმაცებით შანსი აქვს, რომ ამჯერადაც გადარჩეს”, – განაცხადა ხარშილაძემ.
ხარშილაძის აზრით, “ქართული ოცნების“ მხრიდან მსუბუქი და „ხალხის ძალის“ მხრიდან მამაპაპური ანტიდასავლური კამპანია ამოქმედდება.
“საარჩევნო ტექნოლოგიებში წარმატებული “ქეისია” იგივე ვიქტორ ორბანის მაგალითი და თუ დააკვირდებით იგივე გზას გადიან. მათი პოლიტიკური იდენტიფიცირების შეცვლა ხდება. არ შეიძლება ზახაროვას მოსწონდე და სოლოვიოვი გაქებდეს.
ჩემი აზრით, ეს სჭირდებათ რუსეთთან ურთიერთობისთვის, რადგან ახლა მათთვის რუსეთს დიდი ფული მოაქვს. ხომ ნახეთ, რომ უცებ გაგვისამმაგდა ყირგიზეთთან ვაჭრობა, „ბორჯომს“ ყიდულობენ ყუთებით თუ რა ხდება? – ეჭვი მაქვს, რომ ამაზე მალე დაიჭერენ, უბრალოდ ვერ მოიცალეს. არჩევნების მოსაგებად ისინი აირჩევენ კომიკურად არაჯანსაღ მემარჯვენე რიტორიკას, ეს იქნება მძიმე რელიგიური ელემენტების გამოყენებით“, – განაცხადა ხარშილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.
ამის ფონზე, ხარშილაძის თქმით, ოპოზიციას უფრო ეფექტური კამპანია აქვს, რადგან მათ წამოიწყეს ისეთი კამპანია, რაც საზოგადოებას უფრო აინტერესებს.
“საკმაოდ ეფექტური კამპანიაა მეორე მხარეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფასების კამპანია რომ დაიწყო, ეს ბევრად უფრო აინტერესებს ხალხს. ეს ყველაფერი მუშაობს. თუ “ქართული ოცნება“ აპირებს ხალხს ლგბტ თემაზე ელაპარაკოს, ჩემი აზრით, ეს სახადი უკვე მოვიხადეთ. ამით ამომრჩევლებს ვერ მოიზიდავენ“, – განაცხადა ხარშილაძემ.