სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმების სახით, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ.
“მზარდი რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმების სახით, ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას, ანდა მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.