დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუკრძალა წყლის მიღება. ის, რაც მოხდა, კვალიფიცირდება, როგორც დამამცირებელი მოპყრობა და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაგვიანებით გადაუგზავნა.
“2015 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ეს იყო თვითნებური. საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და დაუშვებელია პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება. მიუხედავად ამისა, პოლიცია მიჰყვება უკანონო პრაქტიკას და მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააფორმეს სხვა მუხლით – 172-ე მუხლით, რომელიც სინამდვილეში, სახეზე არ იყო.
ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ჩვენი მხრიდან გასაჩივრდება. იმ დროისათვის, როდესაც სისხლის სამართლის მოსამართლემ ადმინისტრაციული დაკავება და ასევე, სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ფაქტი გამოიყენა საქმეში ეს არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან იმ დროისთვის არ იყო დადგენილი არც სამართალდარღვევის ჩადენის კანონიერება და არც დაკავების კანონიერება.
შემდეგი გარემოება იყო დაკავების შემდეგ – არასათანადო მოპყრობა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას, თუ როგორ იქცეოდა ირაკლი დგებუაძე. ის ცდილობდა დაკავების ოთახში შესვლას, სადაც მზია იმყოფებოდა. შევიდა და მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ის, რაც მოხდა, კვალიფიცირდება, როგორც დამამცირებელი მოპყრობა და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აუკრძალა წყლის მიღება და ასევე, არ ეძლეოდა მას შესაძლებლობა, ესარგებლა სხვა საშუალებებით. ასევე, სამი საათი ადვოკატები ვერ შედიოდნენ მზია ამაღლობელთან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამაზე ინფორმაცია ჰქონდა 12 იანვარს. მიუხედავად ამისა, არ გვატყობინებდნენ, რომ გამოძიებას იწყებდნენ და დღეს გავიგეთ ამის შესახებ.
თავდასხმის განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით და თავდასხმის მიზანი უნდა იყოს დაკავშირებული პოლიციის საქმიანობის განხორციელებასთან. ამ საქმეში გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძეს ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს.
საჩივარი დარეგისტრირდა 2025 წლის 15 იანვარს, 17:44 წუთზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში და კანონმდებლობის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო, გაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის, რომელსაც აქვს 72 საათი იმისთვის, რომ ემსჯელა ამ საჩივარზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან ეს საჩივარი გაიგზავნა დაგვიანებით. დღეს, დილით ჩაბარდათ მათ საჩივარი. ეს ადასტურებს, რომ ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.