ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილობრივ გახსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი. ასევე, იყო ე.წ. პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება. როგორც ჩანს, მან ეს დაპირება შეასრულა და ძალიან კარგია და თუკი მსგავსი ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიდგმება სამომავლოდ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
წლის ბოლომდე, ყოველ თვე, ათი დღის განმავლობაში გაიხსნება ხოლმე. შეზღუდვა სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, რომლებსაც გადაადგილების, სამედიცინო დახმარების და სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხის მიღების ფუნდამენტური უფლება არ გააჩნიათ”, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.
ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით.
საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე.