spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ო’ბრაიენი – ძალიან მკაფიოდ აღვნიშნე, რომ თუ კანონი ასეთი ფორმით იქნებოდა მიღებული, ამას შედეგები მოჰყვებოდა

14 მაისს, სახელმწიფო მდივნის  თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისს ეწვია და შეხვდა მთავრობის, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

 

მის მიერ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებს აშშ-ის საელჩო ავრცელებს

 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარი პრესასთან

 

მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან მოხარული ვარ, [რომ აქ ვიმყოფები]. ახლახან დავასრულე შეხვედრები, მთელი დღის განმავლობაში, მთავრობის წევრებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შევხვდი პრეზიდენტს, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს და ოპოზიციას. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ძალიან  აფასებს ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ მას სტრატეგიულ პარტნიორობად მივიჩნევთ და გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ ბოლოდროინდელმა ზოგიერთმა სიტყვით გამოსვლამ და პარლამენტში განხორციელებულმა ქმედებებმა დაგვაფიქრა იმაზე, იზიარებს თუ არა /საქართველოს/ მთავრობაც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს.

 

საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს, 1992 წლიდან. შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება განახორციელა საქართველოში.  ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს მმართველი ინსტიტუტების განვითარებას, თავდაცვის, მთავრობის, მისი მარეგულირებელი ორგანოების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით.

 

ასე რომ, 30 წელზე მეტია, აშშ არის საქართველოს ძლიერი პარტნიორი, ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა გაგრძელდება. ჩვენ განსაკუთრებით დავაფასეთ ეს ურთიერთობა, ესწრაფოდა  რა საქართველო  ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოებას.

 

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მთავრობა, “ქართული ოცნების ხელმძღვანელობით, რომელმაც დააფიქსირა საქართველოს კონსტიტუციაში  ევროპისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისკენ სვლის ვალდებულება. ჩვენ ვამაყობდით, რომ მხარი დავუჭირეთ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირის კანდიდატობისკენ, ასევე ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს  ნატოში გაწევრიანების  წინსვლასთან დაკავშირებით.

 

აქ ჩამოსვლისას,  შემაშფოთა, ორმა მიმდინარე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა საუბარმა.  ერთი ეხება კანონს უცხოური გავლენის შესახებ. ამ კანონის ზოგიერთი მხარდამჭერი ამბობს, რომ დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოს უპირველესი ეროვნული ინტერესი უნდა იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც შეიძლება ვიყოთ.

 

ჩვენი ინტერესი არის საქართველო ევროკავშირთან და ტრანსატლანტიკურ ნორმებთან დაახლოება, ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა გამჭვირვალობა.

 

გულწრფელად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არც პროცესი და არც წარმოდგენილი კანონი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეტი დისკუსია გვექნება, რათა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები გამჭვირვალობის ევროპული ნორმების შესაბამისობაში მოსაყვანად,  საქართველოს წინსვლის გზაზე. დაგვპირდნენ, რომ კანონის ამოქმედებამდე ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მე ძალიან მკაფიოდ აღვნიშნე, რომ თუ კანონი ასეთი ფორმით იქნებოდა მიღებული, ამას შედეგები მოჰყვებოდა.

 

პრემიერ-მინისტრმა ამას იძულება უწოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ცდილობს. ამ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული სტანდარტები და ჰყავთ შესაბამისი შემფასებლები, რომლებიც ამბობენ, თუ რა წესები არსებობს. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ საქართველომ განაგრძოს ამ სტანდარტებთან შესაბამისობა, და არა მათგან გადახვევა. საქართველოს გადაწყვეტილება არ მოვიდეს შესაბამისობაში ევროპასთან იქნება იმ გზის უარყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია გაცხადებული.

 

ჩვენ გვჯერა, და ვხედავთ ამას გამოკითხვებში, ვხედავთ ამას ქუჩაში, გვესმის ეს ყველა პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის ქართული ოცნებისგან, ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან, ბიზნეს საზოგადოებისგან და სხვებისგან, რომ ქართველ ხალხს ძალიან სურს ამ გზის  გაგრძელება. ამ გზაზე  ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, როგორც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.  ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით წინსვლისას.

 

ასე რომ, თუ  საკითხები რაც დღეს განვიხილეთ განხორციელდება და კანონი სათანადოდ შეიცვლება, ეს იქნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზა და არა მისი დაზიანების, რაც ვშიშობ, რომ ახლა ხდება.

 

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი სახის საუბარი იყო რაც მე მქონდა. კანონი, კი უფრო ფართო საუბრის მცირე ნაწილია. ვრცელი საუბარი „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს ეხება, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია და რომ საქართველომ ზურგი უნდა შეაქციოს გლობალური ომის პარტიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, და, რომ არსებობს დასავლეთის შეთქმულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების  მიზნით, მიუხედავად 12 წლიანი ძლიერი თანამშრომლობისა.  თითქოს Reddit-ის გვერდი გაცოცხლდა. ეს არის არარეალური, არასწორი და სრული გაუგებრობა საქართველოსთან საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობის შესახებ.

 

ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც პრემიერმა გუშინ აღნიშნა. ჩვენ დავუკავშირდით  ყველა დაინტერესებულ მხარეს სასაუბროდ. ჩვენ მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, რათა განგვეხილა კანონი და ჩვენი ურთიერთობები. ევროკავშირს აქ ჰქონდა დისკუსია და დაჰპირდნენ, რომ დრო დაეთმობოდა ამ კანონზე საუბარს. აქ ჩამოსვლამდე მე ვუთხარი, რომ გამიხარდებოდა ბატონი ივანიშვილის კიდევ ერთხელ ნახვა. პრემიერმა თქვა, რომ ის /ივანიშვილი/არ შემხვდება, რადგან ჩვენ დე ფაქტო სანქციები გვაქვს მასზე დაწესებული. ამ ეტაპზე მასზე არანაირი სანქცია არ არსებობს. ასეთი გავლენიანი ადამიანი რომ ასე არასწორად იყოს ინფორმირებული, შოკის მომგვრელი და გულდასაწყვეტია. როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, ეს ნიშნავს პირადი ინტერესის აწევას ქვეყნის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე მაღლა, [ვალდებულებაზე] რაც  გულისხმობს მეტ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

 

ამიტომ მე ვამბობ, რომ კანონი მხოლოდ ერთი ნაწილია ფართო საუბრისა. მაგრამ ის ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ ასე მნიშვნელოვანია და შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი დღემდე არსებულ კონსტრუქციულ და ნაყოფიერ თანმაშრომლობაში. თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მშვიდობიანი და გვინდა, რომ პოლიციამ მშვიდობიანად იმოქმედოს. ჩვენ გვინდა, მომიტინგეები ან სხვები არ დააშინონ  – არც დემონსტრაციაზე, არც მათ სახლებში ან არ /ხელყონ/ მათი საკუთრება როგორც ეს ბოლო დღეებში მოხდა, ამ დაშინებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ.

 

თუ კანონი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე ამოქმედდება და აშშ-სა და სხვა პარტნიორების წინააღმდეგ მსგავსი რიტორიკა და სპეკულირება გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა საფრთხეშია. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი: აშშ-ს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება გამოყოფილი  საქართველოსთვის, რომლის დახარჯვასაც ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან. ნახევარი სამხედრო დახმარებაზე, ცოტა მეტი ან დაახლოებით მესამედი  ეკონომიკური განვითარების პროექტებზე და ინსტიტუციების მშენებლობაზე და გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა მიგვიჩნევენ მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად.

 

და თუ კანონი ამოქმედდება  ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის დარღვევით და ადგილი ექნება  დემოკრატიის ძირის გამოთხრას და იქნება ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების – მიმართ, მაშინ ჩვენ გვექნება შეზღუდვები შეერთებული შტატებიდან. ეს არის ფინანსური და/ან მოგზაურობის შეზღუდვები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ ქმედებებზე და მათ ოჯახებზე.

 

მაგრამ მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მსურს ეს მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ ძლიერი დემოკრატიით.

 

და იმედია, ეს ის გზაა, რომელიც დღეს ისევ დაიწყება. და თუ არა, ძალიან მალე გადავხედავთ ამ თემებს.

 

კითხვა უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის  კანონთან  დაკავშირებული პრობლემების შესახებ

 

კითხვა, თუ რა ტიპის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონი

 

არსებობს თუ არა სივრცე ვეტოს ფორმატში თუ არა კანონის შეცვლასთან ან განხილვასთან დაკავშირებით

 

სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ო’ბრაიენი: ბოლო კითხვაზე პრემიერმა თქვა, რომ  დიახ.

 

პირველ ორ კითხვაზე ორი ტიპის პასუხი მაქვს. პრობლემატური არის ის ფორმა, რომლითაც ეს კანონი შემოიტანეს, ჩვენი სურვილია ვიხილოთ, რომ საქართველო მუშაობს ინტეგრაციისთვის, ისე, როგორც  ჩვეულებრივ, ევროპული სახელმწიფოები ან პარტნიორები შეიმუშავებენ მსგავს წესებს და არა ძალისმიერად, წინააღმდეგობებისა  პარტნიორების მიერ გამოთქმული შეშფოთებების ფონზე.

 

დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ კანონთან დაკავშირებული მთელი რიგი სირთულეები. მე წამოვჭერი ზოგიერთი, ყველა არ დაეთანხმა, თუმცა ეს საკითხები ეხება იმას, რომ ეს კანონი არ არის ინკლუზიური და ეხება მხოლოდ უცხოურ და ისიც  დაფინანსების მხოლოდ ზოგიერთ  უცხოურ წყაროს. ეს ნიშნავს, რომ ის არ წყვეტს ყველა იმ პრობლემას, რომლის გადასაწყვეტადაც არის შემუშავებული.

 

და შედეგი კი არის  იმ სუბიექტების სტიგმატიზაცია, რომლებიც ექცევა ამ კანონში. ეს ორგანიზაციები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღიაა, რადგან ისინი საუბრობენ დაფინანსების წყაროებზე ან ასევე სხვა საკითხებზე. მაგრამ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ დაფარულად და ალბათ, ფინანსდებიან სხვა ქვეყნებიდან, და არა  დასავლური ქვეყნებიდან, არ მოექცევიან ამ კანონის ფარგლებში. ეს სტიგმა შეიძლება იყოს ძალიან საზიანო, როგორც ვნახეთ გასულ კვირაში ვანდალიზმი და თავდასხმები იმ პირებზე, რომლებიც ამ ჯგუფებიდან არიან. სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას იმ კანონების მიმართ, რომლებიც შემოიფარგლება მხოლოდ უცხოური დაფინანსებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა.

 

გამჭვირვალობის სფეროში არსებული მრავალი კანონი ქცევაზეა დაფუძნებული. ასე რომ, ისინი შეეხება ყველას, ვინც შეეცდება გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე და ეს კანონები არ ეხება  მხოლოდ კონკრეტულ ორგანიზაციებს. ასევე ამ კანონების თანახმად დაჯარიმებამდე ისინი ექვემდებარებიან სასამართლო განხილვას. ეს კანონი კი უფლებას აძლევს იუსტიციის სამინისტროს ჰქონდეს წვდომა  ორგანიზაციის ყველა ჩანაწერზე – არა მხოლოდ ფინანსურზე, არამედ ყველა ჩანაწერზე და შეუძლია ასევე ჯარიმის დაწესება, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი  სასამართლოში გასაჩივრება. ასე რომ, ეს წარმოადგენს საპირისპირო  მიდგომას იმისა, რაც ამერიკის კანონშია მოცემული.

 

მაგრამ ისევ და ისევ, მთავარი საკითხია ის, რომ როდესაც ჩვენ ჩავერთეთ დისკუსიაში, ევროკავშირმაც და ჩვენც ვითხოვეთ შემდგომი კონსულტაციები ამ კანონზე და გვითხრეს, რომ არა, ეს განხორციელდება სამი სწრაფი მოსმენით. და ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ. 

 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის კომენტარი მედიასთან თბილისში

 

ყველაზე მეტად გვაღელვებს ის, რომ საქართველო ამ საკითხებში იცავდეს ტრანსატლანტიკურ ნორმებს. ბევრ ქვეყანაში იყო შემოთავაზებული სხვადასხვა ტიპის უცხოური აგენტის კანონი და ეს ძალიან შემაშფოთებელია. სწორედ ამიტომ იყო ამდენი შეშფოთება კანონის თავდაპირველი ფორმის შესახებ და ჩვენ ძალიან არ გვსურს, რომ ეს კანონი ამოქმედდეს და აღსრულდეს იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი. ასე რომ, სანამ ის საბოლოოდ ამოქმედდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავინახოთ არსებითი ცვლილებები, თუ არა, ამას კიდევ დამატებული ის რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ, მიგვიყვანს შეკითხვამდე თუ რამდენად გრძელდება ჩვენი პარტნიორობა.

 

კანონის შესაძლო ცვლილებების შესახებ

 

არა, ვფიქრობ, ეს იქნება განგრძობადი საუბარი. ის, რისი თავიდან აცილებაც გვინდა, არის ნებისმიერი სტიგმა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ გარკვეულ მცირე რაოდენობის ორგანიზაციებთან. მიმდინარეობს ევროკავშირის რეგულაციების ჩარჩოს შემუშავება, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხები, მაგალითად, საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით. აგრეთვე აშშ-ში გვაქვს სხვადასხვა რეგულაციები. ასე რომ, მე არ მსურს ზუსტად ვთქვა, რა გამოვა, მაგრამ ჩვენ გვინდა ავიცილოთ თავიდან ის, რაც ვნახეთ გასულ კვირაში, ეს არის საჯარო განხილვა გარკვეული ორგანიზაციების შესახებ, რაც გამოიყენა ზოგიერთმა ჯგუფმა ძალადობისთვის ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ან მათი საკუთრების წინააღმდეგ.

 

შეკითხვა მომიტინგეების შესახებ, იქნება თუ არა მათთვის საკმარისი კანონში ცვლილებები?

 

მე მგონია, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

 

შეკითხვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო აქციების შესახებ

 

მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ.

 

შეკითხვა ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის

 

ეს იქნება ძალიან სწრაფად. პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება.

 

ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ თქვენ გქონდათ სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ეს სიმართლეა?

 

არა, დღეს სატელეფონო ზარი არ მქონია.

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები