გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან უკან, რუსეთში ბრუნდება, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა სთხოვა მიეწოდებინა მათთვის განახლებული ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით.
“თბილისში ვიყავი კოლეგებთან ერთად, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით“ – განაცხადა ო’ბრაიენმა.
სენატორი შაჰინი დაინტერესდა, საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან აღდგენილი ავიამიმოსვლა ხომ არ დაეხმარება რუსეთის მიერ სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობას და ქმნის თუ არა ეს შეშფოთების მიზეზს.
“არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი [საქართველოდან] უკან, რუსეთში ბრუნდება“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.
“მომავალი წლის არჩევნებამდე, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ უფრო იყოს ჩართული თავისი ინსტიტუტების გაძლიერებაში” – ეს არის კიდევ ერთი კითხვა, რომელიც საქართველოს შესახებ სენატორმა შაჰინმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს დაუსვა. პასუხად, ო’ბრაიენმა ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებზეც მუშაობა, მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, სჭირდება.
“მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად, ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა“ – განაცხადა ო’ბრაიენმა.
სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს. ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.