ქალაქ ოდესაში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ მეათე დიპლომატიურ საშობაო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
საშობაო ბაზრობა ოდესის მერის გენადი ტრუხანოვის ხელშეწყობით და საქველმოქმედო ფონდის Monster Corporation მონაწილეობით ოდესის ქალაქის ბაღში გაიმართა.
ღონისძიებას ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი, ოდესის ოლქის გუბერნატორი სერგი გრინევეცკი, ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი სერგი ორლოვი, ოდესაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, ეროვნულ კულტურულ ცენტრებისა და დიასპორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს საგამოფენო ცენტრთან საპატიო სტუმრებს ოდესაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა უმასპინძლა. საქართველოს გენერალური საკონსულოს ექსპოზიციაზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ეროვნული კერძები, სასმელები და სუვენირები.
ქართული კულტურა დიპლომატიურ საშობაო ბაზრობაზე უკრაინის სახალხო ხელოვნების კოლექტივმა, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „საქართველომ“, ვოკალისტებმა ნიკოლას უჩავამ და ნია დვალიშვილმა წარადგინეს.
წლევანდელი დიპლომატიური საშობაო ბაზრობის შედეგად, ოდესის საკრებულოს №3 ბავშვთა საქალაქო კლინიკური საავადმყოფოსთვის აღჭურვილობა იქნა შეძენილი.