ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხი არ გადაწყდება.
“ჩვენ, აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და ინტელიგენციის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დავიწყეთ აქცია ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების საპრეზიდენტო ვერსიით რატიფიცირების თავიდან ასაცილებლად, რაც ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას. მოვუწოდებთ დაინტერესებულ მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მხარი დაუჭირონ სახალხო კრების მიმდებარე მოედანზე მიმდინარე მშვიდობიან აქციას“, – განაცხადა ალხას ჯინჯოლიამ.
განცხადება ასევე გაავრცელა ახალგაზრდულმა მოძრაობამ “ჩვენი ბიჭვინთა”.
“პარლამენტის წინ ხალხი უკვე იკრიბება. ამის საპასუხოდ ხელისუფლება სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს. ბარიკადები არის ამ ხელისუფლების სიმბოლო და გზა, რომელიც მათ აირჩიეს ხალხის აზრის იგნორირებაზე. დღეს არავის მოსვლას არ ვთხოვთ, მაგრამ თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ შევხვდებით აქ. ხვალ კი ყველამ, ვინც შეშფოთებულია, უნდა გამოხატოს თავისი სამოქალაქო პოზიცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 27 დეკემბერს, 09:00 საათზე, 10:00 საათზე, 11:00 საათზე იყავი. ბიჭვინთა იქნება, აფხაზეთი იქნება, ჩვენ ვიქნებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს 28-ის ნაცვლად, 27 დეკემბერს განიხილავს. მიზეზი კი სავარაუდოდ, ის გახდა, რომ ოპოზიციონერმა “დეპუტატებმა” 28 დეკემბერს საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია დააანონსეს. არსებობს ვარაუდი, რომ ოპოზიციონერები “პარლამენტის სხდომის” ჩაშლას აპირებენ.
პარალელურად მედიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის ადგურ აგრბას ვიდეომიმართვა გავრცელდა. მან მოქალაქეებს მოუწოდა “თავი შეიკავონ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისგან“.