რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ქვეყანა ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები სარგებელს, – ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ისტორია არასდროს იძლება ერთსა და იმავე შანსს ორჯერ, ამიტომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის.
“დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოსამზადებლად. მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, თუმცა ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ეს სურვილი იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. რა თქმა უნდა, ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება, ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავთ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს.
ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს 12-ვე პრიორიტეტის შესასრულებლად. ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, ვხედავთ წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით. სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ წინ არის, მაგრამ გვჭირდება ბევრი მუშაობა იმისკენ, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობაც.
რა თქმა უნდა, გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. დანარჩენი თქვენც იცით, რა არის შესასრულებელი ამ 12 რეკომენდაციებიდან. რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ მით უფრო სწრაფად წაიწევთ წინ ევროპისკენ.
მინდა ხაზი გავუსვა, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ქვეყანა ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენსკენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საფუძველზე და მყისიერად იგრძნობს ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურებისა და სოციალური სტაბილურობის სახით“, – განაცხადა ვარჰეიმ.