საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, სრულად იყოს გარანტირებული სააკაშვილის, როგორც პატიმრისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უფლებები, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.
“ჩვენ გვქონდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა და ჩვენი შეტყობინება იყო ცალსახა – საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულად იყოს გარანტირებული სააკაშვილის უფლებების დაცვა, როგორც პატიმრობაში მყოფი ადამიანისა, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტისა და ევროკავშირი მზად არის, ჩაერთოს სხვადასხვა ძალისხმევაში, რაც უზრუნველყოფს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მჭიდროდ თანამშრომლობს მთელი ამ პროცესში ქართველებთან, ქართველ ხალხთან და ეს არის მნიშვნელოვანი წერტილი მთელი ქვეყნისთვის, გაერთიანდნენ საერთო მიზნის გარშემო, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრად ქცევას”, – განაცხადა ვარჰეიმ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია ევროკავშირის წევრობა და მნიშვნელოვანია, მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ გზაზე.
“ქვეყნის მასშტაბით გამოვიდნენ ქუჩებში და აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას იმისთვის, რომ ეჩვენებინათ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ. ამ დემონსტრაციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ გამოითხოვდა კანონს, რომლის ხმის მიცემაც შემდეგ დღეს წარიმართა, ეს ნამდვილად პოზიტიური ნიშანია და მინდა გითხრათ, რომ ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპული პერსპექტივა, რომელიც მიენიჭა ქვეყანას, განსაზღვრავს ურთიერთობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობა უფრო მჭიდროდ მიმდინარეობს.
საქართველომ აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული სტანდარტები, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი რეფორმების გატარება. აუცილებელია, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ევროკავშირის დახმარებით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოხატავს საკუთარ სურვილს, იქცეს ევროკავშირის წევრად და ახლა უკვე დროა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას”, – განაცხადა ვარჰეიმ.