დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტების მიწოდება უნდა დაჩქარდეს, რადგან ომს შვებულება არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის მოწოდება დასავლეთის მთავრობების “ზაფხულის შვებულებების” ფონზე გაკეთდა, რის გამოც პოლიტიკურად თითქმის არაფერი ხდება იმ დროს, როდესაც უკრაინის ფრონტზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ასევე გრძელდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში.
”რაც შეეხება მიწოდებას ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დაჩქარება. უმორჩილესად გთხოვთ. ომში შვებულების დრო არ არსებობს. საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა. განსაკუთრებით მივმართავ ახლა აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამ დღეებში თეთრმა სახლმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, ისინი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ბრიტანეთმა რეალური ლიდერობა გამოიჩინა კიევის მხარდასაჭერად, თუმცა, ზელენსკის თქმით, ბოლო დროს სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა.