ონის მუნიციპალიტეტში საჩხერის საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი საავადმყოფოს რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან ერთად, ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებით სარგებლობაში სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებას გადაეცა.
მიმდინარე წლის ივნისში, ონის მუნიციპალიტეტის მერიასა და სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებას შორის უთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც გულისხმობს ქ. ონში, ჩაჩაშვილის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის დროებით სარგებლობაში გადაცემას სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებისთვის.
ხელშეკრულების ფარგლებში შენობა-ნაგებობა სრულად გარემონტდება და აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით.
ადგილზე ჩატარდება ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია.
ადგილობრივებს შეეძლებათ, ისარგებლონ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით.
გეგმიური ამბულატორიული მომსახურება: ოჯახის ექიმი, გინეკოლოგი, ქირურგი, უროლოგი, ნევროლოგი, ტრავმატოლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ნევროლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი.
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება: კლინიკაში 24-საათიან რეჟიმში, კვირაში 7 დღე იქნება რეანომობილი.
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ინიციატივით ასევე სს საჩხერის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის მიხეილ ქამუშაძის, დირექტორის მოადგილის ბესარიონ სიმონიშვილის და მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის ძალისხმევით.