ქალაქ ონის, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ფოლკლორული ანსამბლის “ბუბა“ სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფოლკლორულ – ეთნოგრაფიული ჯგუფი “ ძირიანი”, ონის ფოლკლორული ანსამბლი “ რაჭა”, ასევე ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი.
სახელწოდება “ ბუბა” კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მამისონის უღელტეხილის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მწვერვალის, ბუბის მთის, ასევე სოფელ გლოლაში არსებული სალოცავის “ ბუბა” ძველი ტოპონიმიდან მომდინარეობს.
ბუბის მთის მიდამოებში დღესაცაა შემორჩენილი საცხოვრებელი სახლებისა და კოშკების ნაშთები. სოფელ გლოლაში, მას დღესაც ბუბის წმინდა გიორგის სალოცავს უწოდებენ და სწორედ აქედან დაიბადა ფოლკლორული ანსამბლის სახელწოდება „ბუბა“: „ბუბავ პირი ბროლს მიგიგავს, საყევარი დანის ტარსა“…ამბობს სიმღერა.
გაცნობებთ, რომ ანსამბლის ისტორია 1946 წლიდან იღებს სათავეს და უკავშირდება 1946 წელს ივანე გუტაშვილის მიერ, სოფელ გლოლაში შექმნილ მომღერალთა გუნდს, რომელიც წარმატებით გამოდიოდა ადგილობრივ დათვალიერებებში. ივანე გუტაშვილი განთქმული იყო როგორც საუკეთესო მომღერალი და ჭიანურზე დაკვრის უბადლო ოსტატი.
1965 წლიდან 1988 წლამდე ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ ფოლკლორის მოამაგენი ეთერ ბიძიშვილი და თამარ სულთანიშვილი.
1980 წელს ფოლკლორულ ანსამბლს ეწოდა „ბუბა“, სადაც 30 წევრი იყო გაერთიანებული, 1988 წლიდან 2000 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელები იყვნენ გენადი სულთანიშვილი და ინეზა ნიჟარაძე, ხოლო 2000 წლიდან დღემდე, მისი უცვლელი ხელმძღვანელია ქალბატონი ლალი მარგიანი-ხარებაშვილი.
დღეისათვის, ანსამბლში გაერთიანებულია 8 წევრი. ანსამბლი ათეული წლებია, თვითმყოფადი შესრულებით, გულმოდგინედ იკვლევს და პოპულარობას უწევს მთის რაჭის ფოლკლორის უძველეს მარგალიტებს, რომელიც ძირითადად სწორედ მაღალმთიან რაჭაშია გაბნეული და საბედნიეროდ, ჯერ კიდევ შემონახული.
ანსამბლის უხუცესმა წევრმა, ქალბატონმა მარიამ ბაკურაძემ, რომელიც დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე თავდადებით მოღვაწეობდა ანსამბლში „ბუბა“, დიდი ამაგი დასდო ანსამბლის რეპერტუარის მრავალფეროვნებას, როგორც მთის სასიმღერო ასევე საცეკვაო-საფერხულო ნიმუშების, მათ შორის „ბერქალურის“, შემონახვისა და პოპულარიზაციის საქმეში.
დღეს, ცეკვა „ბერქალური“, ასევე ფერხულები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და გვჯერა, რომ სხვადასხვა ფოლკლორული კოლექტივების რეპერტუარშიც ვიხილავთ, როგორც გამორჩეული და თავისთავადი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
მნიშვნელოვანია ხაზგასმით ითქვას, რომ გარმონი – წიკო-წიკო, რომლის უბადლო შემსრულებელი ქალბატონი ლალი მარგიანია და რომელზედაც ცეკვა „ბერქალური“ დღესაც წარმატებით სრულდება, 120 წლისაა.
მიუხედავად ურთულესი წლებისა, ანსამბლმა და მისმა წევრებმა შეძლეს ჩვენამდე ავთენტური სახით მოეტანათ სოფელ გლოლის უნიკალური ფოლკლორის ნიმუშები. თითოეული მათგანი ინახავდა და ინახავს სოფლის ტრადიციული ყოფის შესახებ ცოდნას და ცდილობს ყოველივე ეს ყოფაში აცოცხლოს.
2011 წელს ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბუბა“ წარმატებით გაიარა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ დაგეგმილი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების სერტიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში, რომლის ნიმუშებიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება. ანსამბლის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ფოლკლორისტები.
ფოლკლორულ ანსამბლს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მოპოვებული ქვეყნის მასშტაბით 2005–2006 წლებში.
ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ეროვნულ დათვალიერება – ფესტივალში, სადაც გახდა კიდეც ფესტივალის ლაურეატი. ანსამბლი „ბუბა“ სისტემატურად იღებს მონაწილეობას რესპუბლიკურ ფესტივალებში და წარმატებებითაც. 2012 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ მოწყობილ ტრადიციული მრავალხმიანობის მე- VI საერთაშორისო სიმპოზიუმში.
ანსამბლის მთავარი მიზანია იკვლიოს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნოს ზემო რაჭის ამოუწურავი ფოლკლორის მარგალიტები, რასაც წარმატებით და ღირსეულად ახორციელებს დღემდე.
ღონისძიების მსვლელობისას გაიხსენეს ანსამბლის გარდაცვლილი წევრები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, ბოლოს კი ფოლკლორულ – ეთნოგრაფიული ჯგუფის “ ძირიანი”, ონის ფოლკლორული ანსამბლის “ რაჭა” და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლის ერთობლივი ძალებით შესრულდა მრავალჟამიერი და რაჭული ფერხული.
ანსამბლის” ბუბა” სახელობითი ვარსკვლავის გახსნა ფეიერვერკით დაგვირგვინდა.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.