ოპოზიცია თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. 5 პარტიის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერ კახა კალაძეს საკრებულოში 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე იბარებენ.
“სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი თბილისელების წინაშე და დავსვათ კითხვები, რომლებიც არსებობს. დავსვათ კითხვები უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე და ზუსტად ამიტომ, თბილისის საკრებულოს ოპოზიციის სრული შემადგენლობა, ყველა ოპოზიციური პარტია, 5 ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილია თბილისის საკრებულოში და დამოუკიდებელი დეპუტატები, კიდევ ერთხელ, ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება კითხვებს, რომლებიც არსებობს და გაგვცემს პასუხებს”, – განაცხადა საბა ბუაძემ.
თბილისის მერმა გუშინ განაცხადა, რომ საკრებულოში მაშინ მივა, როცა ამას თავად გადაწყვეტს.