დედაქალაქში ვარდების რევოლუციის 18 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია რამდენიმე ლოკაციაზე იმართება. ერთ-ერთი ასეთი ადგილია მშვიდობის ხიდი, სადაც მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები.
ხიდიდან გადმოფენილია წარწერა – “ვარდების რევოლუცია”, მსგავსი ბანერები განთავსებულია სხვა ხიდებზეც.
“8 წლის წინ ისტორიული დღე იყო ჩვენს ქვეყნაში. ამ დღის შემდეგ დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ წარმატება და განვითარება. დღეს ამ გამარჯვების სიმბოლო – მიხეილ საკაშვილი რუსების მიერ არის დატყვევებული. ფაქტია, რომ ეს ხდება ყველაფერი იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციამ სერიოზული ცვლელებები მოიტანა ჩვენს ქვეყანაში, დაამარცხა კორუფცია, რომ მილიციისაგან შეიქმნა პოლიცია, ცალ-ცალი ბოტებით რომ იყვნენ ჯარისკაცები, ჯარს დაემსგავსა. უამრავი ცვლილება გატარდა ქვეყანაში. დღესაც იმ ცვლილებებიდან გამომდინარეა, თუ რამეში სული უდგას ამ ქვეყანას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
აქციაზე იმყოფება დეპუტატი ნატო ჩხეიძე. მისი თქმით, 18 წლის წინ ქვეყანაში მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც მკვეთრი ერთგულება გამოხატა დასავლური ღირებულებებისადმი და დაიწყო დემოკრატიის მშენებლობა.
დღესვე, 17:00 საათზე ოპოზიცია ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს.