ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე.
მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი პარლამენტმა შარშან 29 მარტს მიიღო და სრულად 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.
“რამდენიმე თვის წინ ევროინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში მოვისმინეთ კონკურენციის სააგენტოს ანგარიში, რომელიც არის ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო, მოვისმინეთ როგორ ხდება კანონის პრაქტიკაში აღსრულება, რა გამოწვევები გამოიკვეთა ამოქმედების შემდეგ. ამავე საკითხზე. მომზადდა თემატური მოხსენება, გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებას თუ ორგანიზაციას, რათა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კანონი ახალ ურთიერთობებს აწესებს და შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივასთან, შეგვესწავლა რა გამოწვევები იკვეთებოდა შესრულების პროცესში.
შესაბამისად წარმოგიდგენთ იმ ცვლილებების პროექტს, რაც მიმართულია ძირითადად აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რაც კანონის ეფექტიან აღსრულებას უკავშირდება, ასევე გასწორდეს ის მინიმალური უზუსტობები რაც დაკავშირებული იყო კანონის მუხლების ჩამოყალიბებასთან ევროდირექტივასთან შესაბამისობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვბილმა.
მან წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მეტი სიცხადე შევა არსებული რედაქციის იმ ნაწილში, სადაც იკვეთება კანონის ორაზროვნად აღქმის შესაძლებლობა. კერძოდ, ტექსტი დაკონკრეტდება და დაზუსტდება იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ ვის და რა შემთხვევაში ეკისრება საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი. ასევე, სპორტული და კულტურული ღონისძიების ბილეთის დისტანციურად შეძენის შემთხვევაში კონკრეტულად და ნათლად განისაზღვრება, რომ მომხმარებელი ბილეთის უკან დაბრუნების უფლებით მხოლოდ ხელშეკრულებაში გათვალისწინების შემთხვევაში ისარგებლებს. ამით მოვაჭრეს ექნება თავისუფლება, რომ თავად გადაწყვიტოს დაიბრუნოს თუ არა გაყიდული ბილეთი ან რა ვადა მისცეს მომხმარებელს ბილეთის დასაბრუნებლად.
ცვლილებების შესაბამისად კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს უფლება მიენიჭება, რომ მისთვის საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში დააჯარიმოს მოვაჭრე, რაც მომხმარებლის უფლებების დაცვას ევროკავშირის დირექტივის ნორმების შესაბამისად, მეტად დროულს და ეფექტურს გახდის. წარმოდგენილი ცვლილებებით, მოვაჭრეს აღარ შეუმცირდება სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა და იგი აითვლება გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან და არა სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან.
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების თაობაზე მსჯელობისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს არის კანონი, რომელიც მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და პრაქტიკულად ამ სფეროში ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ნორმები და რეგულაციები დადგინა, შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებები მისაღებია.
ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს პირველი მოსმენით წარმოდგენილ კანონპროექტს.