ვაშინგტონი დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში, თუ მას თავდასხმა დაემუქრება. ამავდროულად, ის მუშაობს რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად ირანში “ჰამასის” ლიდერის ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციის შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაძაბულობის დეესკალაცია პრიორიტეტად რჩება.
ამასთან, ოსტინის თქმით, მას არ სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი გარდაუვალია და შეერთებული შტატები მოწოდებულია შეამციროს მზარდი დაძაბულობა რეგიონში.
“არ მგონია, რომ ომი გარდაუვალია. ვფიქრობ, დიპლომატიის ადგილი და შესაძლებლობა ყოველთვის არის”, – აღნიშნა ოსტინმა.
ისრაელმა განაცხადა, რომ მოკლა “ჰეზბოლას” მეთაური, რომელიც გოლანის სიმაღლეებზე თავდასხმის უკან იდგა, რასაც ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ჰამასმა” კი განაცხადა, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლა.
დაჯგუფებამ ასევე განაცხადა, რომ დარტყმა წარმოადგენს “მკაცრ ესკალაციას”, რომელიც ვერ მიაღწევს თავის მიზნებს.