არ უნდა ვიყოთ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვიფიქროთ, როგორც მოხდა 2012 წელს, როდესაც სააკაშვილმა მიულოცა გამარჯვება “ქართულ ოცნებას”, ანალოგიურად მოხდებოდა ოპოზიციის გამარჯვებისას, – ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ გაიმარჯვა და “ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის, რომ წააგო.
“არ უნდა ვიყოთ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვიფიქროთ, როგორც მოხდა 2012 წელს, სააკაშვილმა რომ მიულოცა გამარჯვება “ქართულ ოცნებას”, ანალოგიურად მოხდებოდა ოპოზიციის გამარჯვებისას. ამას არავინ მოელოდა, არც ჩვენ და არც საზოგადოება. მთავარი, რაც გაკეთდა ამ არჩევნებზე ის არის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ ვიცით, ყველამ იცის და თვითონ “ქართულმა ოცნებამაც” იცის, რომ გავიმარჯვეთ. ეს დიდი რამ გაკეთდა, თუმცა, ამ მოგებას სჭირდება შენარჩუნება, ამას უნდა დაცვა და ზუსტად ამ გზაზე ვდგავართ. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს არჩევნები დავიცვათ. ზოგჯერ ვკითხულობ და ხალხს ხელი აქვთ ჩაქნეული, თუმცა ამის დრო არ არის. ყველაზე დიდი, რაც მოხდა არის ის, რომ გავიმარჯვეთ და ახლა ყველაზე ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ეს გამარჯვება არ მოვაპარინოთ არავის.
ორშაბათს იწყება აქციები და ყველა იქ უნდა ვიყოთ, მე აქ მოსალოცად მოვედი, არაფერი სატირალი არ არის. ზოგადად გამარჯვება ბრძოლის გარეშე არავის უგემია, არც სპორტში, არც ცხოვრებაში, მით უმეტეს ისტორიულ არჩევნებზე. ჩვენ ერთი ბრძოლა მოვიგეთ და მეორეც უნდა მოვიგოთ, თან, გვყავს უამრავი მეგობარი, რომელთაც, ისევე სჯერათ ჩვენი გამარჯვების, როგორც ჩვენ ყველას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.