“ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო “რუსული პროპაგანდა“, ვინაიდან ევროპა შეუქცევადი პროცესია და ეს ჩვენი არჩევანია. ახლა გინდათ, რომ თქვენც გადმოხვიდეთ ამ ნათელ მხარეს. მანამდე 18 თვის განმავლობაში ვხედავდით აღვირახსნილ კამპანიას, რომ ევროკავშირი სათაგურია, თავი ძალით შეგვაყოფინეს, ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, არაფერს არ იძლევა და ასე შემდეგ – ეს ფართომასშტაბიანი პროპაგანდა დამარცხდა, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის მონდომებითა და დამსახურებით, რომელიც არ აჰყვა პროპაგანდას, რომ თურმე დასავლეთი არის მტერი და რუსეთი არის მეგობარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ძალიან კარგად არჩევს მტერს და მოყვარეს და სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ საქართველო ელოდება ევროპული საბჭოსგან დადებით რეკომენდაციას.
“რადგან არ არსებობს იმაზე მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც არის გარანტირებული ევროპით და ნატოთი და საქართველოსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გახდეს ამ თანამეგობრობის ნაწილი“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში შეყვანა შეუძლია მხოლოდ კოალიციურ მთავრობას.
“ვერანაირ ევროპას თქვენ ვერ მოუტანთ საქართველოს, ამიტომ გამოსავალი მარტივია – პროდასავლური ოპოზიციის მოსვლა. ორი თვე სჭირდება ყველა იმ რეფორმის მიღებას, რომელიც საქართველოს გაუხსნის პერსპექტივას გახდეს ევროპის ნაწილი. არც კი მოვიკითხავთ თქვენ სად იქნებით, რას გააკეთებთ, მთავარია ხელი არ შეგვიშალოთ“, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.