დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს. ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია ივანიშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების სანქცირება ოპოზიციის თვითმიზანი არასოდეს ყოფილა.
“ბრიტანეთი ძალიან ბევრ ოფშორულ კუნძულს ფლობს და ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ოფშორული კომპანია აქვს, ამიტომ ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების.
სანქცია ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ყველა მოძალადემ, რომლებმაც დემოკრატიის და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელი აღმართა, რომელმაც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა და ეს სანქციები არის რეაგირება იმ ძალადობაზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ჩადის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თემთა პალატაში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იმსჯელეს.