“ქართულ ოცნებას” მოკავშირეც კი არ დარჩა, რომელიც გამარჯობას ეტყვის და ხელს ჩამოართმევს. “ოცნება” ღიად რუსულ პროპაგანდაზეა გადასული, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვიდრე ეს რეჟიმი ხელისუფლებაში იქნება, ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება გამორიცხულია.
“ქართული ოცნება” არც ერიდება, ღიად რუსულ პროპაგანდაზე არიან გადასული. საკმარისია ნახოთ მათი პროპაგანდა დასავლელი კოლონიზატორებისგან გათავისუფლება მთავარ მოთხოვნად იქცა. მაშინ, როდესაც 35 კმ-ში აქ ნამდვილი მტერი, რუსეთი დგას, ეს ხალხი საუბრობს არარსებულ პრობლემაზე და არარსებული პრობლემისგან ხალხის დახსნაზე. ეს იმ მასშტაბის ქვეყნის ღალატია, მარტო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სანქციები, სამოგზაურო თუ ფინანსური არ ეყოფა. მთავარი სანქციები ჩვენ უნდა დავუწესოთ “ქართულ ოცნებას” და მის რეჟიმს იმისთვის, რომ ეს მავნებლობა არ გაგრძელდეს.
ვიდრე ეს რეჟიმი ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება გამორიცხულია და ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებაზეც კი უარი უნდა ვთქვათ. იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” მოკავშირეც კი არ დარჩა, რომელიც გამარჯობას ეტყვის და ხელს ჩამოართმევს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.