მრჩება შთაბეჭდილება, რომ საფრთხის მასშტაბი არ გვაქვს გააზრებული და ინერციით ვსაუბრობთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს როგორც ევროპული პერსპექტივა არის რეალური, ასევე რეალურია რუსეთიდან მომდინარე საფრთხე.
“მრჩება შთაბეჭდილება, როდესაც ვუსმენ ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს – ზოგს, ექსპერტებს, რომ საფრთხის მასშტაბი არ გვაქვს გააზრებული. 2019-ში რაც იყო, თუნდაც 2021-ში, იქედან გამოყოლილი ინერციით ვსაუბრობთ. დღეს ხიფათი არის რეალური. როგორც უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლამ გააჩინა პერსპექტივა, რომ შეიძლება საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და შემდეგ 4 წელიწადში წევრი გახდეს, ამასთან ერთად რუსეთის გამო გაიზარდა ხიფათიც. ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლების დასაწყისში ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა გააღწია, საქართველო დარჩა ამ რკინის ფარდის მიღმა ამ რუსულ გავლენაში. შანსთან ერთად ხიფათიც დიდია, “ქართული ოცნება” არ ცდილობს კანდიდატის სტატუსზე მოთხოვნების შესრულებას, უფრო მეტიც, როგორც იანუკოვიჩს არ შეეძლო და აუკრძალეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, დაახლოებით ისეთ ვითარებაში ჩაიყენა, ვალდებულებიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ თავი. სურვილიც რომ გაუჩნდეს, რუსეთის გარეშე ვერც მოაწერს ხელს ევროკავშირთან ინტეგრაციას და ეძებს „განტევების ვაცს“ ვის დააბრალოს ეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.