“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მათი პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მხარს აღნიშნულ კანდიდატებს არ დაუჭერს.
“კენჭისყრაში ვიღებთ მონაწილეობას ცესკოსთან დაკავშირებით, ეს არის მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხი. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ამ დოკუმენტზე და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას.
სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სისტემის ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანები ჩვენთვის მიუღებელია იმიტომ კი არა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობენ, არამედ, ჩვენთვის მიუღებლები არიან, რადგან ვერ აკმაყოფილებენ სამ მთავარ კრიტერიუმს: პრინციპულობას, ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებას. პირადად ვიცნობ სამივე მათგანს, არც ნდობა მაქვს და არ მჯერა მათი პრინციპულობის და ობიექტურობის”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.