“ამ ცვლილებით გვინდა გათანაბრდეს ერთი ბლოკიდან შემოსული ადამიანების შესაძლებლობა და რეგლამენტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა“, -განაცხადა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, რომელმაც მეორე მოსმნით განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მოქმედი კანონმდებლობით ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს, რომელთაც არ აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ ორი ან მეტი პარლამენტის წევრისგან შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ ეს დაშვება არ იყო ერთი და იმავე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებზე. სწორედ ამ შესაძლებლობას აჩენს წარდგენილი ცვლილება.
“ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების დაინიცირებული ეს პროექტი კომიტეტში განვიხილეთ და მხარს ვუჭერთ. მათ აქამდე ეს დაშვება არ ჰქონდათ. კარგია თუ ოპოზიცია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ჩვენი პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული და ოპონირებას გაუწევს სხვა საპარლამენტო სუბიექტებს“,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა კანონპროექტის განხილვისას.
პარლამენტმა კანონპროექტს 82 ხმით დაუჭირა მხარი.