საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების რეაქციამ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება შეაცვლევინა, – ამის შესახებ Front News „სტრატეგია აღმაშენელის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა.
“საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების რეაქციამ „ქართულმა ოცნებას“ შეაცვლევინა გადაწყვეტილება და კობახიძის განცხადების მიუხედავად, უკრაინაში გამგზავრების გადაწყვეტილება მიაღებინა.
ისედაც, სამძიმარის დროს ულტიმატუმების დაყენება მორალურადაც არ იყო გამართლებული, მთავარია, რომ საღმა აზრმა სადღაც გაიმარჯვა.
მართალია, კობახიძის წინაპირობა უმაღლესი დონის დელეგაციის გამგზავრებას უკავშირდებოდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე თუ არ იქნება, ვიცე- სპიკერიც არ არის დაბალი თანამდებობის პირი. ოპოზიციას ისედაც არ ჰქონდა გამგზავრების პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვინდა, საქართველოს დელეგაცია იყოს იქ. ხალხი დაიღუპა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებია ჩადენილი და მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება, თუ სად, ვის მხარეს ვართ ჩვენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. „ქართული ოცნებიდან“ დელეგაციაში ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია იქნებიან.
ოპოზიციიდან დელეგაციაში იქნება ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ყველა საპარლამენტო პარტიიდან ერთი წარმომადგენელი.