spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა ზაქარეიშვილი – ამით „ქართულ ოცნებას“ ახალ საფუძველს აძლევენ, რომ კიდევ უფრო მეტად შეაშინოს ისინი, ვინც ომის საფრთხით კარგად ვერ შეაშინა

ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს ზუსტად იმას, რაც არ უნდა რუსეთს, – ამის შესახებ Front News-ს  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა  პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში განახლებული საუბარი რუსეთთან მიერთების საკითხზე საქართველოს დაშანტაჟების კიდევ ერთი მცდელობაა. 

 

„საქართველო ამოვარდნილია მსოფლიო დღის წესრიგიდან, სადაც სხვები უფრო ლაპარაკობენ ჩვენზე, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავზე, ეს არის მთავარი საფრთხე.  რაც შეეხება ანექსიას, ეს რომ ჭირდებოდეს დღეს რეალურად რუსეთს, რეფერენდუმის ჩასატარებლად 10 აპრილი,  დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი არჩევნების დღე კარგი დროა, თუმცა არ ატარებენ. ეს ნიშნავს,  რომ  არ ჩქარობენ, რადგან მათ ურჩევნიათ,  ეს საკითხი უფრო დიდხანს ჰქონდეთ ქართულ საზოგადოებაში  პანიკისა  და დაძაბულობის შემოტანად.  ამით „ქართულ ოცნებას“ ახალ საფუძველს აძლევენ, რომ კიდევ უფრო მეტად შეაშინოს ისინი, ვინც ომის საფრთხით კარგად ვერ შეაშინა.   ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ  საქართველო ჩუმად იყოს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ სათქმელი ჰქონდეს, რომ მისმა ფრთხილმა პოლიტიკამ გაამართლა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. 
მისი თქმით, ეს ერთი სპექტაკლია,  რომლის მიზანი საქართველო ჩუმად ყოფნაა და ამაში ჩართულია  „ქართული ოცნებაც“.   

 

„ქართული ოცნების“ ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მოსკოვი „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება აქვს, მათ შორის „აისბერგის  წვერია“ პრორუსული „ექსპერტები“,  რომლებიც რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში ე.წ. ქართულ- რუსული ექსპერტების შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. 

 

„მოსკოვში ქართულ-რუსული ექსპერტების შეხვედრა ჩატარდა.  ჩვენ არ ვიცით,  ვინ იყვნენ ამ შეხვედრაზე. ჩანს,  რომ მოსკოვი რაღაც ფორმით უკავშირდება საქართველოს და ეს იყო აისბერგის ზედა ნაწილი. რაღაც შეთანხმების ვარიანტებია, რომლის ნაწილი არის საქართველოს ჩუმად ყოფნა, რომ  რუსეთისთვის საქართველო არ იყოს მეორე მაგალითი. ახლა  ერთი მაგალითი აქვს – უკრაინა, აცხადებს რომ უკრაინაში ნაცისტები არიან, ნარკომანები არიან, ამით ცდილობენ  ფონს გასვლას.  თუ საქართველო ხმას ამოიღებს და იტყვის,  რომ მეც დაზიანებული ვარ,  2008 წელს ჩემთან იყო ომი,  ეს უკვე რუსულ იმპერიალიზმზე ლაპარაკობს და არა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე. ამიტომ რუსეთისთვის საშიშია, საქართველო იყოს დამატებითი მაგალითი, ილუსტრაცია, რომ რაც ხდება უკრაინაში, არ არის გამონაკლისი და შემთხვევითი,  ეს არის დიდი სტრატეგიის ნაწილი. თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, რუსეთი იტყვის, საქართველო მშვიდადაა, წყნარად, დაანებეთ თავი, ნუ ექაჩებით ნურსად, ნურც ნატოში და ნურც სხვაგან, ხალხი ბედნიერია, კმაყოფილია და ეხებით მათ. 

 

ანუ, ჩვენ ჩვენი დუმილით ვაძლიერებთ რუსულ ნარატივს და ვასუსტებთ ევროპისა და ამერიკის ნარატივს. დღეს  გავრცელდა აშშ-ის  სახელმწიფო დეპატრტამენტის ბრწყინვალე განცხადება საქართველოს მხარდასაჭერად, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ამაზე.  ამაზე ვერც თურქეთი ილაპარაკებს და  ვერც აზერბაიჯანი, ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და არა სხვა ვინმე, ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, თუ ჩვენ გვინდა ჩვენს თავს მივხედოთ“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

 

მისი თქმით, ჩვენი აქტიურობით ჩვენ უკრაინას კი არ ვეხმარებით, როგორც ხელისუფლებას სურს  წარმოაჩინოს, არამედ ჩვენს თავს.  

 

„როდესაც ჩვენ უკრაინას ვუჭერთ მხარს, ამით ჩვენ თავს  ვეხმარებით. ამიტომ მხოლოდ პამპერსები კი არ უნდა გავაგზავნოთ უკრაინაში, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენც ასევე დაზიანებულები ვართ, როგორც უკრაინა, და თუ თქვენ აპირებთ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმებას ხელი მოაწეროთ, მსოფლიოს ვახსენებთ, რომ ჩვენთანაც აქვს  ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, მაგრამ არ ასრულებს. ამიტომ მოდით, შევასრულებინოთ რუსეთს ვალდებულებები  საქართველოს მიმართ და  უკრაინის მიმართ.  მაგრამ ჩვენი მთავრობა ამას არ აკეთებს.   ჩვენ არ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც არ უნდა რუსეთს“, –  განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები