უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირიდან სანქციებს და რა ზეგავლენას მოახდენს ეს ფაქტი ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე?!
ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ევროპიდან წამოსული სანქციები “ქართულ ოცნებას“ აიძულებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. უკვე ცნობილია, რომ ევროსაბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი Front News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე “ოცნება“ სანქციებს უძლებს და დასავლეთიდან წამოსულ წნეხს უმკლავდება. თუმცა ყველაფერი მაინც საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ არავინ იცის დღეს და ხვალ ქუჩაში რამდენი ადამიანი გამოვა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს ურჩევს ხელახალი არჩევნები დროზე დანიშნოს.
– ევროსაბჭოში იმყოფებიან როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს იმედია აქვს, რომ ევროსაბჭოში საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის დაბლოკვა არ მოხდება. რას უნდა ველოდოთ ევროპიდან?
– ვხედავთ, რომ „ოცნების“ მიმართ ევროპაში ძალიან მკაცრი დამოკიდებულება აქვთ და ვხედავთ ევროპარლამენტარების და წევრი სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს. ახლა კი სიტუაცია ევროსაბჭოშიც გაუფუჭდათ. საუბარი იმაზე, რომ ისინი აღიარებენ ან არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს, მნიშვნელოვანი არ არის. თუმცა ვხედავთ დასავლეთიდან უმრავლესობას ეს პარლამენტი არ უღიარებია. ახლა მათთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობა აღიარებს თუ არა. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, ჩვენზე არიან დამოკიდებულები. ხელის ჩამორთმევა ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩაჩურჩულება და გაღიმება, ყველაფერი ეს მეორადია. მთავარია, რომ ქართული ხელისუფლების მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნებათ. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ხოლო კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ მიდის. ესაა ხალხის ნება, მათი ქმედება კი იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს და ანტისახელმწიფოებრივი ძალაა. შესაბამისად, ბრიუსელში მათი ქმედება საკუთარი კონსტიტუციის და ქვეყნის ღალატად არის მიჩნეული. ეს უფრო მეტია იმაზე, ევროპა ლეგიტიმურად აღიარებს თუ არ აღიარებს „ოცნების“ ხელისუფლებას. დედამიწის ზურგზე სახელმწიფოების 70% არალეგიტიმურია და არ აღიარებენ დასავლეთში, მაგრამ არსებობენ. თუმცა ევროკავშირისკენ არ მიდის ეს ქვეყნები. ჩვენს ხალხს კი პრეტენზია ამ გზაზე წასვლისკენ აქვს. ესაა ჩვენი ხალხის ისტორიული სურვილი და მის უგულებელყოფას არ დაუშვებენ.
– “ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტში დეპუტატების გამომსვლელთა თანაფარდობა, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის შეცვლილია. მათი მომხრე ევროპარლამენტარების რიცხვი გაზრდილია. შესაბამისად, იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მკაცრი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ხოლო ევროსაბჭოს მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება არაფერია. მათი მოლოდინი რამდენად რეალურია?
– რა თქმა უნდა, ბრიუსელში სხვადასხვა შეხედულების დეპუტატები არიან. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება რეზოლუციით ფასდება. ამერიკაში ჩვენ ვნახეთ თავად ტრამპის მხარდამჭერმა სენატორებმაც კი თავდაცვის მინისტრს მხარი არ დაუჭირეს. ძლივს აირჩიეს, რადგან ვიცე-პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი და ასე გადარჩნენ, ამ დროს კი ტრამპი ბაქიბუქობს. ამიტომ რამდენიმე დეპუტატმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, „ოცნებას“ ეს არაფერს უშველის. ფაქტია, რომ ევროპარლამენტია რეზოლუციები. ძალიან უღირსად იქცევა „ოცნება“, როცა თავის ამომრჩეველს არ ეუბნება, რომ ევროპარლამენტში შემადგენლობა დეპუტატების შეიცვალა. სულ სხვა პარლამენტია. ის ხალხი, რომლებსაც საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა ჰქონდა, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას იცნობდა და ამ ხელისუფლების გზიდან გადახვევის ისტორია, უმეტესობა ევროპარლამენტში აღარ არის. შესაბამისად, დღეს ახალი ევროპარლამენტარები არიან, რომლებმაც არ იციან რა „ოცნებასთან“ აქვთ საქმე. ამას დრო დასჭირდება. ვინც „ოცნებას“ ხმა არ მისცა, ის „ოცნების“ სასარგებლოდ პოზიციას არ შეიცვლის. ხელისუფლებისთვის ახლა მთავარია ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი ამომრჩეველი არ დაკარგოს. შესაბამისად, ამ ტყუილებს მათ უყვება. ვიღაცა დეპუტატი რაღაცას განსხვავებულს რომ იტყვის, აქ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რეზოლუცია პროსახელისუფლებო გავა თუ პირიქით, ისევ კრიტიკული იქნება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ევროპიდან წამოსული სანქციები ვერ შეაშინებს “ოცნებას” და მმართველი გუნდი ისევ შეეცდება არ შეიმჩნიოს?
– ჯერჯერობით “ოცნება” სანქციებს იტანს და ცდილობს არ შეიმჩნიოს. როგორც კუბაში, ჩრდილო კორეაში არ მუშაობს და რეჟიმები მაინც არსებობენ, იმავეს ცდილობს “ოცნებაც“. თუმცა საქართველო ვერ დადგება ფეხზე და ვერ წავა ევროპისკენ. თუ „ოცნებას“ კიდევ შერჩა პროდასავლური ამომრჩეველი, მაშინ კარგად უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ამ სანქციების პოლიტიკით საქართველო კუბის, ბელორუსიის გზას დაადგება. ეს სანქციები დაარტყამს ქვეყანას. დაბეჩავდება ქვეყანა, ეკონომიკა ვერ განვითარდება, ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება. ვიქნებით მაჩანჩალა ქვეყანა, ხოლო ამ ხალხის ხარჯზე, ვინც ხელისუფლებას ხმას აძლევს, „ოცნება“ იარსებებს. თუმცა მოსახლეობა ხომ კითხვას დაუსვამს თავის თავს, კი მაგრამ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებდით ამდენი ხანი? ამისთვის ვიბრძოდით?
– ოპოზიციის მოქმედებაზე მინდა გკითხოთ. ქვეყანაში დიდწილად პოლიტიკური სიტუაცია მათზეც არის დამოკიდებული. ვნახეთ ისინი ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციაზეც იყვნენ ჩასულები, ასევე სტრასბურგშიც იმყოფებიან. რა უნდა ქნას ოპოზიციამ, არის თუ არა საჭირო მხოლოდ საგარეო ფრონტზე ბრძოლა, როცა აქციების სათავეში, ბოლო დროს, თბილისის ქუჩებში ისინი აღარ ჩანან? ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია იმალება…
– ქუჩაში ხალხი და მოსახლეობა დგას, ხოლო საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელია ამ აქციებზე პოლიტიკოსების გამოჩენა. ამიტომ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ დიდად არ გამოჩნდნენ საჯაროდ. მე რომ წავიდე ევროპაში და ვაშინგტონში, მეც ვიპოვი ხალხს, ვისაც დაველაპარაკები და ავუხსნი რა ხდება საქართველოში. ბუნებრივია, ოპოზიცია ეცდება დასავლეთში მხარდამჭერი პოლიტიკოსების ნახვას. ამაში არაფერია უცნაური. ამიტომაც იყვნენ ვაშინგტონში და ვისთანაც მიუწვდებოდა ოპოზიციას, იმათთან ისაუბრეს რა ხდება საქართველოში. ყველას აინტერესებს საქართველო სად მიდის. ამიტომ ვაშინგტონში რომ კონტაქტები და კავშირები ექნება ოპოზიციას, ეს უცნაური არ არის. იმედია, სანქციები გაგრძელდება და ზეწოლის ფონზე ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს. ამას ცდილობს ახლა ოპოზიცია. ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში და მსოფლიოს ატყობინებს, რომ ხელისუფლება, რომელიც მას ჰყავს, არ მიდის იმ გზაზე, რომელიც მათი ისტორიული მომავალია.
– თუმცა “ქართულ ოცნებაში“ აქვთ მოლოდინი, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ბაიდენის ადმინისტრაციის მსგავსად ხისტი არ იქნება და ეს სანქციებიც შესაძლოა მოეხსნათ. როგორ ფიქრობთ, რა სახის და მოცემულობით მოხვდება ტრამპის ყურადღების ცენტრში საქართველო?
– მე მგონია და ჩემი გამოცდილება ამის თქმის საშუალებას მაძლევს, საქართველოს მიმართ ამ ეტაპზე ამერიკის მკაცრი პოლიტიკა არ შეიცვლება. ტრამპისთვის ახლა საქართველო არ არის რიგით პირველი ინტერესის სფერო და პრობლემა. საქართველოს მიმართ პოლიტიკას ახლა განახორციელებს კონგრესი. მათ კარგად იციან რა ხდება საქართველოში, ამიტომ დღეს და ხვალ რაიმე ცვლილებას არ ველი. ტრამპს აინტერესებს ჩინეთი, რუსეთი და თავისი მეზობლები, რომელთა მიმართაც რა პრეტენზიებიც გამოხატა ვნახეთ. ტრამპი რომ გაიგებს შავ ზღვაზე ჩინეთი გამოჩნდა, გადაირევა. აი მაშინ კი იკითხავს, არ უნდა შავ ზღვაზე ჩინეთს. ტრამპს რომ აჩვენებენ პრემიერი კობახიძე ირანში “ჰამასის” ლიდერებთან ერთად როგორ დგას, სკანდირებენ სიკვდილი ამერიკას და ისრაელს, რა აზრზე დადგება “ოცნების“ ხელისუფლებაზე? ტრამპისთვის ეს უკვე იქნება საკმაო სიგნალი იმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან და ირანთან ბმაშია.
– თუმცა ხელისუფლებას არგუმენტი აქვს, რომ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან და ჩინეთთან დაკავშირებით, გადატვირთვის და ურთიერთობის აღდგენის პოლიტიკაა. შესაბამისად, თავად ტრამპი აპირებს ამ ქვეყნებთან დაალაგოს სიტუაცია და საქართველოს რატომ უნდა მოედავოს?
– ეს არგუმენტი უთხრან ტრამპს და რა პასუხსაც მიიღებენ, იმასაც ვნახავ. ერთია რას აპირებს ტრამპი თავად ჩინეთთან და რუსეთთან და მეორეა რას აპირებს საქართველო ჩინეთთან. თუკი საქართველო ამერიკას უტოლებს თავს, კეთილი ინებოს და მაშინ დაიცვას ქვეყნის საზღვრები რუსეთისგან, როგორც ამას ამერიკა აკეთებს. რა თქმა უნდა, ტრამპი აპირებს ჩინეთთან თანამშრომლობას, რამდენადაც გამოუვა. თუმცა თუ ჩინეთი გაჯიუტდა და არ დაუთმო, მასთან ბრძოლა ადვილი არაა. საქართველო ამხელა ჰეგემონ სახელმწიფოებს უტოლდება? ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ევროკავშირში მივდივართ. რატომ არ აკეთებს ამას? არანაირად არ გვიწერია და არც ქართველი ხალხის სურვილი არაა ჩინეთისკენ სვლა. რატომ ფარისევლობ და იტყუები? ეს არის ისევ „ოცნების“ მხრიდან საკუთარი ამომრჩევლისთვის გაკეთებული განცხადებები. კაცმა არ იცის ტრამპს როგორ და რანაირად მოუვა ამათი მოქმედებები თვალში.
– ელით, რომ ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები ისევ დაიწყება? რამ უნდა აიძულოს ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება“, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნოს? ვის უნდა დაელაპარაკოს ივანიშვილი ოპოზიციიდან, რომ ეს დიალოგი შედგეს და ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოინახოს?
– საქართველოში ახლა პროცესების ლიდერი ხალხია. ამაზე კარგი არაფერი ხდება, რასაც ახლა თბილისის ქუჩებში ყოველდღე ვხედავთ. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება. ეს უფრო საშიში სიტუაციაა, რადგან ხალხი როდის დაიძახებს, ამოისუნთქავს და გარეთ გამოვარდება, კაცმა არ იცის. დღეს თუ ცოტა განელდა სიტუაცია, ხვალ შესაძლოა, უფრო აფეთქდეს. უბრალოდ ამ ეტაპზე ვერ იპოვეს ლიდერი, როგორც ნავალნის შემთხვევაში მოხდა, რათა დაესაჯათ და ციხეში ჩაესვათ. ლიდერის მეტ-ნაკლებად ფუნქციას სალომე ზურაბიშვილი ასრულებს. ამიტომ ოპოზიცია მის გარშემო უნდა კონსოლიდირდეს. ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს ორივე მხარემ. ვურჩევ ივანიშვილს, გამოვიდეს, თქვას, რომ კრიზისი გაღრმავდა, შესაბამისად, მზად არის ახალი არჩევნები დანიშნოს და მოლაპარაკებები გამართოს.
– რას ელოდება ბიძინა ივანიშვილი, რისი იმედი აქვს?
– ივანიშვილი ელოდება იმას, რომ ხალხი დაიღლება და სახლში წავა. ამიტომ შესაბამისად, თუკი ქვეყნის შიგნით არ იქნება გამოსვლები, დასავლეთიც იძულებული გახდება, ზეწოლა შეამციროს. მას აქვს იმედი, რომ ტრამპის შემდეგ გეოპოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვლება და დასავლეთის ზეწოლა შემცირდება, რაშიც როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან ცდება.
ელზა პაპოშვილი