spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაპუნა ჯანელიძე – შეცდომაში შეიძლება შეიყვანო მხოლოდ დამოკიდებული და სიბნელეში მყოფი ადამიანი, ესენი კიდევ თავისუფლების მოყვარული, ძლიერი ადამიანები არიან

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას ეხმაურება.

 

მისი თქმით, დღეს თუ ვინმე მსოფლიოში იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, ეს არის აშშ და ევროკავშირი, ხოლო თუ ვინმე ებრძვის – არის რუსეთი.

 

“მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას. როგორც აღნიშნულია განცხადებაში, დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირები წლების განმავლობაში არწმუნებდნენ საპატრიარქოს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას.

 

რადგან მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, მინდა დღესაც ვეცადო დაგარწმუნოთ იგივეში და პუნქტობრივად ვუპასუხებ თქვენს განცხადებას, რომელსაც ნამდვილად ეტყობა, რომ პოლიტიკა, და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა, არ წარმოადგენს ქართული ეკლესიის პასუხისმგებლობის სივრცეს.

 

1. დიახ, დღეს, მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპა, დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან რუსეთის ფედერაციამ არ იკმარა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის, ოკუპაცია, ყირიმის ანექსია და გადაწყვიტა უკრაინის სრული ანექსია. ამიტომ, როდესაც პირველ პარაგრაფში თქვენ საუბრობთ გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე და შემდეგ, ხაზს უსვამთ ეკლესიის ინტერესს ტრადიციული ფასეულობებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობების საკითხებზე, თუ ვინმე მას აზიანებს და მომავალში კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი მშობლიური მიწა-წყალი, გამოდევნილი ჰყავს მოსახლეობა, ხოლო იქ დარჩენილ საზოგადოებაში აკეთებს ყველაფერს, რათა რუსული ფასეულობები, როგორიცაა სახელმწიფო ძალადობა, კორუფცია, ადამიანის უფლებების სრული უგულებელყოფა, კრიმინალი, რუსეთის მთავრობაზე ეკლესიის სრული მორჩილება გააბატონოს. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირი და აშშ არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობნი, რაც გარანტიაა სწორი ეროვნული ფასეულობების, როგორც თქვენვე ახსენებთ, წმინდა ილია მართლის საოცნებო ფასეულობების, განსამტკიცებლად.

 

– მამული: დღეს ოკუპირებულია რუსების მიერ, ევროკავშირი და ამერიკა იცავს ჩვენი მამულის საზღვრებს საერთაშორისო მასშტაბით.

 

– ენა: თუ ვინმეს ქართული ენის განადგურება სურდა, ეს იყო ყოველთვის რუსეთის ფედერაცია. ევროკავშირში, თითოეული წევრის ენა დაცულია, 24 ოფიციალური ენაა და საქართველოს წევრობის შემთხვევაში, ისიც დაემატება.

 

– სარწმუნოება: მართლმადიდებლები წარმოადგენენ მეორე ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფს ევროკავშირში. გარანტირებულია ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება. ყველა სარწმუნოება დაცულია და ხელშეუხებელი.

 

2. საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა, რომელიც იმიტომაა რუსული, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. “სუვერენული დემოკრატიის” გავრცელებისკენაა მიმართული. რუსული სუვერენული დემოკრატია/სახელმწიფო კიდევ გულისხმობს საქართველოს ჩამოშორებას საერთაშორისო საზოგადოებისგან, ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მტრად წარმოჩინების გზით. საქართველოს მარტო დატოვება და გახლეჩა/დასუსტება ეს რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზანია, დამეთანხმებით.

 

3. როგორც იქნა, საუკუნეების შემდეგ, საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელ ქვეყანაში დაბადებული და აღზრდილი ახალგაზრდობა. მათი პატრიოტული სულისკვეთება და მამულის აღქმა, ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ჩემს და კიდევ უფრო ადრეულ თაობებს წარმოუდგენიათ. შეცდომაში შეიძლება შეიყვანო მხოლოდ დამოკიდებული და სიბნელეში მყოფი ადამიანი, ესენი კიდევ თავისუფლების მოყვარული, ძლიერი ადამიანები არიან. თავისუფალი ადამიანი კიდევ ყველაზე მეტად მორწმუნეა, რადგან მას შეგნებით წამს უფლის. წმინდა და გვერდით მდგომი ეკლესია კიდევ მათთვის შეიძლება საუკეთესო გზა იყოს ტაძრისკენ და უფლისკენ.

 

4. დიახ, ხელისუფლება მხოლოდ დეკლარირებს, თუმცა ნაბიჯებს საწინააღმდეგოს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც, როგორც სწორად აღნიშნეთ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია. საჯარო სამსახურში ყოფნისას, გარკვეული პირების მხრიდან დასავლეთში, ისმოდა კითხვა არის თუ არა საქართველოს ეკლესია საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგი. ჩემი პასუხი იყო მარტივი. შეუძლებელია ქვეყანაში, სადაც ეკლესიას აქვს უდიდესი გავლენა საზოგადოებაზე, იყოს ევროინტეგრაციის მომხრე 80%, თუ ამ გზას ეკლესია არ უჭერს მხარს. მე მქონდა კომუნიკაცია ეკლესიის უმაღლეს პირებთან და მსჯელობა ევროინტეგრაციის საკითხებზე, და ეს მსჯელობა ყოველთვის იყო საგნობრივი და საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებით განმსჭვალული. გასულ წელს, პატრიარქის წერილი, რომელიც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, კიდევ ერთი მკაფიო დასტური იყო აღნიშნულის. დამეთანხმებით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს პოზიცია შეიცვალა ევროკავშირთან მიმართებით და არა პირიქით. არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი კონტროლი არსებობდეს დიდი ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებზე, როგორც მთავრობაზე, ასევე ეკლესიაზე. ისევ მთავრობის და ეკლესიის საკეთილდღეოდ, რათა არ მოხდეს ძალაუფლებით ტკბობა და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფა. რაც შეეხება ლგბტ ცხოვრების წესს, ამ საკითხის პოპულარიზაციაც მთავრობის მხრიდან ხდება წმინდა პოპულისტური მიზნებისთვის. დღეს, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში, მემარჯვენე და მემარცხენე ხედვების რადიკალიზაციას და ურთიერთდაპირისპირებას ვხედავთ, და ლგბტ თემაც ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას კრიტიკულად აწუხებს. ეს არ არის საკითხი, რომლის მიმართაც ერთგვაროვანი მიდგომა არსებობს თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში, გარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვისა. ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იყო “ქართული ოცნების” პოპულისტური მიდგომის გარეშეც, რომლის მეშვეობითაც მისი აქტუალიზაცია და პროპანგანდირება უფრო მეტად ხდება, ვიდრე ნებისმიერი აქციით.

 

5. ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი ე.წ. “ლგბტ პროპაგანდის” შესახებ უკავშირდება მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ წამოწყებულ ანტიევროპულ პროპაგანდას, რომლითაც ცდილობს ევროპა და დასავლურ ღირებულებები დაუკავშიროს არაპოპულარულ თემებს, ისევე როგორც პუტინი აკეთებს ამას რუსეთში, და ამით ზეწოლა მოახდინოს პროევროპულ განწყობებზე საზოგადოებაში და არა პირიქით. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რადგან ამ პუნქტში გაქვთ ნახსენები სახელმწიფოს სუვერენიტეტი – დღეს თუ ვინმე მსოფლიოში იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, ეს არის აშშ და ევროკავშირი, ხოლო თუ ვინმე ებრძვის – არის რუსეთი. ეს ძალიან ცალსახაა და მგონი ამაშიც დამეთანხმებით.

 

6. სრულიად ვიზიარებ თქვენს პრიორიტეტებს: ოჯახის სიწმინდე, ქართული კულტურა, ოკუპირებულ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან შერიგება და ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრება, ეს ნამდვილად მიიღწევა სრულყოფილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეშვეობით, რომლის განვითარების ერთადერთი გზა გადის დასავლურ ინტეგრაციაზე, რუსული სამხედრო და მენტალური ოკუპაციის დასრულებაზე და გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. 

 

ძალა ერთობაშია!” – წერს ჯანელიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები