საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნა. ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს.
პარაშუტისტების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს დაარსა. პარაშუტისტების პროფესიული დღის დაწესებას საფუძვლად დაედო ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტე ხტომები.