პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებს განიხილავენ. მათ შორის იმსჯელებენ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე.
კანონმდებლები, 20 მარტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. 22 მარტს კი პარლამენტის წინაშე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარდგება.